თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ORBI თაუერი, პლაზა, პალასი და სხვა ბათუმში

ის დროც კარგად მახსოვს, სულ რაღაც 10 წლის წინ, ქობულეთში, ზაფხულში ზღვის მერე შხაპის მიღებაც რომ ჭირდა. მაგრამ ამასობაში ევროპას მივუკაკუნეთ კარზე და მეგონა, კურორტზე დასასვენებლად წასულებს ტუალეტის ქაღალდის და საპნის წაღება მაინც აღარ გვჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ისეთ ადგილებში, რომლებიც ამაყად ატარებენ სასახლის ანუ შატოს, პლაზას, პალასის თუ როიალ ჰაუსის ამბიციურ სახელს.  
რაც გინდა დაარქვი, როგორ გინდა გამოპრანჭე და შეფუთე, ქართულ მამა-პაპურ სერვისს მაინც არაფერი შველის. მოხდა ისე, რომ ზამთარში მომიხდა ბათუმში წასვლა. ვენდე მეგობრის რეკომენდაციას და საკმაოდ კარგად დაბრენდილ, გარეკლამებულ და მრავალნაქებ სასტუმრო სახლ „ორბი პლაზაში“ თბილისიდანვე დავჯავშნე ბინა. 
როგორც ქართულ სერვისთან ბრძოლაში გამობრძმედილმა და მრავალჭირნახულმა ადამიანმა, მაინც დავიზღვიე თავი, წინდაწივე დავიჭირე თადარიგი და მთელი კვირის განმავლობაში ჯიუტად ვრეკე ბინის პატრონთან და ჯიუტად ვუმეორე, რომ სამნი მივდიოდით, და ხომ ნამდვილად იყო სასტუმრო-აპარტამენტში სითბო და საბნები. დიალოგი ყოველ ჯერზე ერთი სცენარით ვითარდებოდა:
- გათბობა ხომ არის.
- კი, კი, კონდიციონერი აყენია.
- ხომ ნამდვილად თბილა?
- კონდიციონერი აყენია,
- საბნები ხომ არის?
- კი, კი, კონდიციონერი აყენია.
- სამი საბანი ხომ არის?
- კი, კი, კონდიციონერი აყენია...
ხომ ვამბობდი, გამოცდილი ვარ უკვე-თქო, ჰოდა, მივხვდი რომ ვერ იყო მთლად კარგად საქმე. ჩავთვალე, რადგან პირდაპირ პასუხს თავს არიდებენ, ალბათ საზაფხულო საბნები აქვთ-მეთქი და თბილის "ადიალების" თბილისიდან წაღების ბრძანება გავეცი. ეგდოს მანქანაში, რა იცი რა ხდება? საქართველოა მაინც.
ჩავედით, დავინახეთ გაზიპინებული, ოქროსფრად მოელვარე "ორბი პლაზა". დაგხვდნენ, კარი გაგვიღეს, შვეიცარმა აგვაცილა ნომრამდე. ერთი შეხედვით, ყველაფერი საეჭვოდ კარგად იყო... მაგრამ მეორე შეხედვაზევე გაირკვა, რომ:
კონდიციონერი იყო და მუშაობდა, მაგრამ არ ათბობდა (გაგანია იანვარია).
საბანი და თეთრეული იყო, ოღონდ სამ კაცზე ერთი ხელი.
ყველა ნათურა არ ინთებოდა.
სააბაზანოს ნიჟარაში წყალი არ გადიოდა.
ოთახი იყო მინიმუმ  1 თვის გამოუგველი.
სამი დღით ჩასართავად გადახდა არ გვიღირსო და არ იყო ტელევიზია და ინტერნეტი.
პირსახოცები მოტანილი იყო სახლიდან - მრავალჭირნახული, კარგად გაცვეთილი, ყველა სხვადასხვა ზომის და ფორმის.
ჭურჭელიც - სხვადასხვა სერვიზებიდან შემორჩენილი და ნაცნობ-მეგობრებში შეგროვებული თითო-თითო ჭიქა და თეფში, თანაც გაბზარული, დალაქავებული, კიდეჩამოტეხილი.
იაფფასიანი, ფარატინა ავეჯი, რომელიც შორიდან მტერს უყენებდა თვალს და ახლოდან მოყვარეს. 
ტუალეტის ქაღალდი რომ არ იყო, ამას ალბათ ისედაც მიხვდით.
ლიფტით მგზავრობისთვის ბარათზე თურმე ფული უნდა დარიცხო - ცარიელი ბარათი დაგვიტოვეს, მაგრამ არ გაგვაფრთხილეს, რომ თანხა იყო ჩასარიცხი...
მოკლედ, 4-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, სხვადასხვა ბინებიდან მოგვიგროვეს და მოგვიზიდეს საბნები და თეთრეული. ვიყიდეთ, საპონი და ტუალეტის ქაღალდი. ტელევიზორი დავსვით საკუთარ მობილურ ინტერნეტზე. მეზობელმა თავისი ბარათით დაგვპატიჟა ლიფტში. აჯანყების მოწყობის და გასათბობად საჭმლის მოსამზადებელი ელექტროქურის ყველა კამფორის ჩართვის მერე, სახლიდან მოგვიტანეს რადიატორი. ეტყობა შეეშინდათ, იმდენს წვავს ეს ოხერი, გავიყიდებითო.

და რაც მთავარია, "ორბის" ადმინისტრაციისა და ბინის პატრონის რკინის არგუმენტი ის იყო, რომ ერთი კვირის წინ იყვნენ სხვები, ცხოვრობდნენ მშვენივრად და არ დაუჩივლიათ, თქვენ რა გინდათო...

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers