თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ყველა ობი პენიცილინი არაა

გიფიქრიათ რა ზიანი შეიძლება მიაყენოს თქვენ ჯანმრთელობას უბრალო ობმა, რომელიც მრავალი წლის განუახლებელი პროდუქტების მღაზიის ან რესტორნის სამზარეულოს ჭუჭყიან კედლებზე, თაროებზე, იატაკის კუთხეებში ან საწყობში იზრდება? იცით, რომ ობი შესაძლოა იყოს შავი, რუხი, ცისფრი, წითელი, თეთრი, უფერო და ყვითელი? ყვითელი ობი, რომ სასიკვდილოდ საშიშ დაავადებებს იწვევს გულის არეში ტკივილით და სისტემატიური სულის ხუთვის შეგრძნებით? და კედლებს მოდებული შავი ობი, დროთა განმავლობაში, ბეტონში ისეთ სიღრმეზე აღწევს, რომ მერე იმ კედლებში აღარ იცხოვრება?
ჯანმრთელობისთვის საზიანოა, როგორც ობის სპორების ჩასუნთქვა ანუ უბრალოდ ობიან ოთახში ყოფნა, ასევე ობთან შეხების მქონე ანუ ობიან საწყობში ან თაროებზე შენახული პროდუქტების მოხმარებაც. ტოქსიკური სოკოთი დაავადება ხშირად ხდება მწვავე ალერგიულ რეაქციის მიზეზი სიცივესა და მტვერზე. რასაც დაავადებულთა უმრავლესობა უბრალო ალერგიად მიიჩნევს და საწყის ეტაპზე ყურადღებასაც არ აქცევს. სხვადასხვა სახეობის ობის სოკომ შეიძლება გამოიწვიოს უჰაერობის შეგრძნება, ყელის გაღიზიანება, ქრონიკული თავის ტკივილი, სურდო, რასაც ასევ შეიძლება ახლდეს გამონაყარი, ქავილი და შეშუპება. ობი განსაკუთრებულად საშიშია მათთვის ვისაც ასთმა აქვს.
ობი ჩნდება და საოცარი სისწრაფით მრავლდება 20-25 გრადუს ტემპერატურზე, ბნელ, ცუდად განათებულ ადგილებში, მაღალი ტენიანობისა და ცუდი ვენტილაციის პირობებში - სამზარეულოში, სააბაზანოებში, საწყობებში, სარდაფებში, რესტორნებისა და მაღაზიების უფანჯრო დარბაზებში... იქ სადაც ბევრი პროდუქტია, იქ სადაც დეზინფექცია არ ტარდება.  
არადა, არსებობს ობთან ბრძოლის და სულ რომ არ გაჩნდეს ამისათვის აუცილებელი მარტივი პროცედურები და ეფექტური პრეპარატები. კარგახანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს მასობრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი პროდუქტების შენახვისა და რეალიზაციის ადგილბისთვის სავალდებულოდ დადგენილი ჰიგიენის სტანდარტები:
- კარგი ვენტილაცია
- ყოველდღიური კომპლექსური დასუფთავება.
- ყოველკვირეული დასუფთავება
- გენერალური დასუფთავება
- საწმენდი საშუალებების უსაფრთხო მოხმარების წესების დაცვა
- დასალაგებელი ინვენტარის მარკირებისა და მოვლის წესების დაცვა.
როგორთ ფიქრობთ, საქართველოში რომელიმე ჰიპერ- ან სუპერმარკეტების ქსელი იცავს ამ წესებს ჯეროვნად? აღარ ვლაპარაკო პატარა, უბნის მაღაზიებზე და საბითუმო ბაზრებზე.
სხვათა შორის, ამას წინათ მრავალნაქებ და ნადიდებ „აგროჰაბშიც“ კი, შეიძლება სხვა სუპერმარკეტებზე ცოტა უკეთესი, მაგრამ მაინც თბილისური „სისუფთავე“, რომ დამხვდა ერთ იქაურ ადმინისტრაციის თანამშრომელს შევჩივლე, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. ძალიან გაიოცა, რას ამობ, შიდა ოფისში სტერილური სისუფთავე გვაქვსო. დავას შევყევით, მივრეკ-მოვრეკეთ, გავიკითხ-გამოვიკითხეთ და გაირკვა, რომ „აგროჰაბის“ შიდა, ანუ თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ფართს ბევრად მაღალი სტანდარტებით და მაღალი ხარისსხის პრეპარატებით ასუფთავებენ, კლიენტებისთვის განკუთვნილ სივრცეზე კი ეკონომიას აკეთებენ და დაბალი ხარისხის ხსნარებსა და ქიმიკატებს ხმარობენ. ესეც მაგათი ეკოლოგიურობა და ესეც მაგათი მაღალი სტანდარტების ფერმერული ბაზარი. თანაც, აღმოჩნდა, რომ მსგავს პრაქტიკაში „აგროჰაბი“ პიონერი არაა, საქართველოში სხვა ორგანიზაციებიც ხშირად მიმართავენ კლინტების მომსახურების იგივე პრინციპს. 

"ზარა" რომელმაც შემზარა

ბოლოს როდის იყავით „ზარას“ „თბილისი მოლის“ ფილიალში?
მე გუშინ.
და-ვი-ზა-ფრე!
მსგავსი სიბინძურე ბოლოს დეზერტირების ბაზარის წინ გაშლილ გარე ვაჭრობაზე ვნახე დაახლოებით 15 წლის წინ.
მინიმუმ 4-6 თვის მოუწმენდავი იატაკი, უკვე კარგად ჩამჯდარი და გატკეპნილი ჭუჭყით. უბინძურეს, მტვრიან და ლაქებიან თაროებზე უწესრიგოდ მიკიდებული (რაც იქ ხდება იმას დაკიდებული ან შეკიდებული არ ქვია) ტანსაცმელი, თაროზე მიყრილი ფეხსაცმელი.
ფეხსაცმელში დიდი ხნის ჩაგროვებული მტვრის ფთილები თუ გუნდები, არ ვიცი რაც იქ ვნახე იმას რა დავარქვა.
გასახდელის იატაკზე დაყრილი თმები და მტვერი. გასახდელში ხომ ხანდახან ფეხშიშველსაც გვიწევს დგომა? იქვე ჩამოკიდებული მონაზომები ტანსაცმელი, რომელიც გასახდელის მტვრიან იატაკს შეეხო. აი, რამე ძალიან ბინძურს რომ გაედები და ტანსაცელი მერე დასაფერთხი და სველი ხელით გასაწმენდი რომ ხდება დაახლოებით ისეთი მდგომარეობაში.
აბსოლუტურად გულგრილი გამყიდვლები, უკაცრავად, კონსულტანტები.
ტალახიანი ესკალატორი, რომელსაც მეორე სართულზე, ოდნავ უფრო სუფთა, მამაკაცების განყოფილებაში აყავხართ.  და, „ზარას“ მენეჯერების გამოგონებული ადამიანის ახალი ჯიში „თიერეფ“. რა არის, არ მკითხოთ, ერთადერთი ის ვიცი, რომ მათი ტანსაცმელიც ქალების განყოფილებაში იყიდება.
 „თბილის მოლის“ „ზარას“ მონახულების შემდეგ თუ რამე ინფექციური დაავადება აიკიდეთ, ზუსტად გეცოდინებათ ვის მოთხოვოთ პასუხი. მომავალში, ვინმემ რომ მითხრას, რომ მანდ რამე იყიდა, იმ ადამიანზე წარმოდგენა ძალიან შემეცვლება. რომ გჩუქნიდნენ, იქ ნადები ტანსაცმელი ჭუჭყში მობინადრე ბაქტერიების და მიკრობების შიშით არ უნდა წამოიღოთ. ძონძების სარდაფებში არ ხდება რაც იქ ხდება.
სანამ დაზაფრული სახით სექციიდან სექციაში დავქროდი და ფოტოებს სრულიად დაუფარავად ვიღებდი, ეტყობა კონსულტანტებს ეგონათ, "ზარას" პრდუქციამ და მოთმა გაფორმებულმა ვიტრინებმა მომხიბლა, შიდა სათავსოდან, ჰოი, საოცრებავ, გულზე ISO ამოქარგულ ლურჯ უნიფორმებში გამოწყობილი ორი დამლაგებელი სიცილ-სიცილით გამოვიდა და  კმაყოფლი სახეებით, ხელიხელ გაყრილები მოლის დერეფანში ლაღად გაუჩინარდნენ. ნუ, პრინციპში ან რა უნდა ადარდებდეთ, სრულიად არაფრის კეთებაში იღებენ ხელფასს.
არადა, მეგონა ცუდი მენეჯერი ეკონომიას აკეთებს, კონსულტანტებს ავალებს დალაგებას და ისინი უკდრისობენ-მეთქი და თურმე, დამლაგებლების მთელი ფირმა ყოლიათ.
სხვათა შორის, მერე გავიკითხე და დამამშვიდეს, რომ „ისტპოინტში“ „ზარა“ მართლაც სუფთაა. რუსთაველზე „მერანში“ არაუშავსო, მაგრამ ყველაზე მეტი და ჭრელი ხალხიც მანდ დადის და ამიტომ სისუფთავის შენარჩუნებაც უფრო ძნელია.






საბავშვო ბაღი და უსაფრთხო გარემო


ხელისგულზე გაზრდილი შვილებისთვის მშობელი ყოველთვის ეძებს ისეთ ადგილს, სადაც მისი პატარა სიკეთის, სითბოსა და სისუფთავის გარემოცვაში იქნება.

სწორედ საბავშვო ბაღია ადგილი, სადაც პირველად რჩება პატარა სახლის ჩვეულ უსაფრთხო გარემოსა და შინაურ ზრუნვას დიდი ხნით მოკლებული. პედიატრებიც გვაფრთხილებენ და ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ ბაღში მიყვანის შემდეგ ბავშვი უფრო ხშირად ხდება ავად და ბევრად მაღალია სხვადასხვა ვირუსების, ინფექციების, ტილების, ჭიების, მუნის ტკიპის, სხვა პარაზიტების აკიდებისა და მოწამვლის შემთხვევები.

საბავშვო ბაღში გატარებული წლები ბავშვის იმუნიტეტისთვის ახალ გარემოში, სხვადასხვა ოჯახებიდან ათეულობით ბავშვის მიერ მოტანილ ათას უბედურებასთან და სახადებთან შეგუებისა პერიოდია. რამდენ ახალ ბაქტერიას თუ ვირუსს უნდა შეებრძოლოს მისი პატარა ორგანიზმი? სიტუაცია განსაკუთრებით   შემოდგომა-ზამთრის სეზონზე მწვავდება, როცა უბრალო სურდო ან ხველება ერთი ბავშვისგან შესაძლოა მთელ ჯგუფს გადაედოს.

რასაკვირველია, ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების სრულად აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადად აჩვენა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჰიგიენის ნორმების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად და სისტემატიური დაცვა (ყოველკვირეული დეზინფექცია, ყოველდღიური წმენდა, კედლების, იატაკის, ნივთების შესაბამისი ხსანერიბით დამუშავება, ცალ-ცალკკე ჩვრების გამოყენება სხვადასხვა დანიშნულებისთვის და ა.შ.) საგრძნობლად ამცირებს ბაღში ბავშვის ავადობის შემთხვევებს.

ცალკე პრობლემაა სადეზინფექციო პრეპარატები და მათი არასწორი და არამიზნობრივი - პრეპარატები, რომელთა სისტემატიური და დიდი დოზით მოხმარება  საფრთხეს უქმნის არათუ ბავშვის, არამედ ზრდასრულის ჯანმრთელობასაც. მაგალითად ქლორი. აღარ მოვყვები, როგორი საშიშია ქლორის ჩასუნთქვა ან ქლორიან ზედაპირზე მოსმული თითის პირში ჩადება, რაც ალერგიის, ქავილის, გამონაყარის, ასთმური შეტევისა და ფილტვებისა და სასუნთქი გზების დამწვრობის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ გაცილებით დიდი მანძილია ქლორით დამუშავებულ ზედაპირებს - იატაკს, მაგიდებს კედლებსა და ზრდასრული ადამიანის ცხვირს შორის და თითქმის ერთ სიბრტყეზეა საბავშვო ბაღის ქლორით დამუშავებულ იატაკი, ხალიჩა, მაგიდა, ხშირად სათამაშოები და მათგან ადენილი ანაორთქლი და ამ ხალიჩაზე ნებივრად წამოგორებულ ბავშვის პაწაწუნა ცხვირი, პირი და ცნობისმოყვარეობისაგან ყველაფერზე წაფათუნებული თითები.

დღევანდელი პრაქტიკიდან კარგად ჩანს ისიც, რომ საქართველოს საბავშვო ბაღების სრულიად უმრავლესობაში ფავორიტ სადეზინფექციო საშუალებათა შორის ერთპიროვნულად ლიდერობს ქლორისშემცველი პრეპარატები. რომლებსაც, კანონით დადგენილი სავალდებულო დეზინფექციის აუცილებლობისგან (შემოწმების შიშით) შეწუხებული ბაღის ხელმძღვანელობა არ ინანებს და აქტიურად აფრქვეს პატარების საბავშო ბაღის ტერიტორიაზე და ხშირად ოთახში ყოფნის განმავლობაშიც.

უმეტეს შემთხვევაში, მშობლები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ასეთ დეტალებს, რადგანაც ისედაც საკმაო სირთულეებთან არის დაკავშირებული  ბავშვის განვითარებისთვის მოსაწონი გარემოს შერჩევა (საბავშვო ბაღები, ბავშვთა განვითარების ცენტრები და ა.შ.) და ძირითადი აქცენტი ძალზე მნიშვნელოვან ასპექტზე - ბავშვის სამომავლო განვითარებაზე, ანუ სწავლება-თამაშებისა და ზრუნვა-კვების ხარისხზეა გადატანილი. ძირითადი მიზნის მიღწევის მარათონში კი განზე რჩება ყოველდღიური რუტინა: რა გზით და რამდენად ხარისხიანად არის მიღწეული ის კომფორტული გარემო და ხილული სისუფთავე (რაც უკვე დასაფასებელია საქართველოს დღევანდელობაში) და რამდენად უსაფრთხოა ის ნივთიერებები: ქიმიკატები, ჩვრები და სხვა ხელსაწყოები, რომლის მეშვეობითაც დააწკრიალეს იქაურობა პატარების მოლოდინში?

ერთი მხრივ, გასაგებიცაა, რომ მშობელი არ და ვერ დაიწყებს სანიტარული ნორმების არც კითხვას, არც გადამოწმებას. არ არის ეს მისი კომპეტენცია. ამისთვის საჭიროა ქვეყნის მასშტაბით ცენტრალიზებულად შემუშავებული ნორმების და სტანდარტების შემუშავება და დადგენა. მანამდე კი, მხოლოდ ერთეული ორგანიზაციები ცდილობენ გააგონონ მთავრობას და საზოგადოებას, რომ დალაგებასაც აქვს თავისი წესი და კანონი.

მინდა ჩემი ქალაქიც ლამაზი იყოს



მოგწონთ პარიზი?
რომი?
ლონდონი?
ახალი ტიფლისი ან 60-70-იანი წლების თბილისის ფოტოები?
ვიცი, ვერავინ შეცვლის ისტორია და აღარავინ აგვიგებს საუკუნეების წინ ასაშენებელ კოლიზეუმს, ლუვრს და ვესტმინსტერის ტაძარს.
იმასაც შევეგუები, რომ აღარაფერი ეშველება საბურთალოზე ობის სოკოსავით მოდებულ „ხრუშჩოვკებს“ , მასივებს და ქაოსური მიშენებებისგან ფრანკენშტეინებად ქცეულ საბჭოთა  კორპუსებს.
შევთანხმდეთ, რომ პატრონი არ გვყავს და არაფერი გვეშველება უნიათო და უვარგისი გამგეობების და ქალაქის მერიის ხელში.
ამიტოთ ვიჯდეთ ასე ნაგავში?
ყველამ რომ ჩვენი კუთვნილი 2 მეტრი დავალაგოთ -  კარის წინ სადარბაზოში. მაღაზიის შესასვლელთან, რესტორნის კიბესთან, ოფისის გვერდით კედელთან...
ჯანდაბას, მოხალისეები ნუ ვიქნებით და სხვის ან საზოგადოების კუთვნილს (მერე რა, რომ საზოგადოებაში ჩვენც შევდივართ, ტრადიციულად სხვებს ამოვეფაროთ) ხელს ნუ ვახლებთ, საკუთარს მივხედოთ. ყველა ორგანიზაცია ვალდებულია მიხედოს არა მარტო თავის ინტერიერს, ექსტერიერსაც. პირმაღს, ვიტრინას, კედელს, ფასადს, კიბეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ვიზუალს. შეხვალთ ჩამოძონძილ, ბინძურ სილამაზის სალონში? არა. მაგრამ, გარეთ გამოკრული აბრა და სარეკლამო ბანერიც რომ მათია? სადაა  სალონის მენეჯერი, ძინავს? არ, უბრალოდ ფეხზე კიდია.
აბრები ქალაქის ცენტრიდან












ფრთხილი ნაბიჯებით ევროპისკენ

საქართველოს ევროპის კარი შეუღეს. მართალია, ბოლომდე არა, ჯერ სულ ერთი წამით, ღრიჭოდან შეგვაჭყიტეს, მაგრამ ამ მცირედზეც დიდ იმედებს ვამყარებთ: ზოგი - შეუფერხებელ და კანონიერ უვიზო მიმოსვლაზე, ზოგი - საკუთარი ნაშრომის დასავლურ ქვეყნებში გატანაზე, ზოგიც ასე ნანატრ და ერთი შეხედვით უპრობლემო ცხოვრების სტილზე.

გარდა იმისა, რომ თავისთან მიგვიპატიჟეს, საქართველო ევროპული კულტურის უძველეს მარგალიტებთან ერთად, როგორც იქნა გამოჩნდა მსოფლიო ტურისტული გზამკვლევების საოცნებო და დაუვიწყარი ტურების ნუსხაში. და, ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენებური სტუმარ-მასპინძლობა გავუწიოთ ყველას, ვინც დიდი ხანია გვიცნობს ან ახლახან აღმოგვაჩინა რუკაზე და აღარ ვერევით სულ სხვა ადგილას და სხვა კონტინეტზე მდებარე ფართობით ჩვენზე თითქმის სამჯერ დიდ შტატში.
ჩვენც ვეპატიჟებით, თავს ვევლებით სტუმრებს და მათთვის მომზადებულ ძირითადი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს დაწვრილებით ინსტრუქციასაც ვაყოლებთ - ვუხსნით თბილისის ქუჩებში ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილების დაუწერელ კანონებს, ვაფრთხილებთ ადგილ-ადგილ ტროტუარის არარსებობის შესახებ, ვასწავლით ხლინკლის ჭამის წესებს... ისინიც ნაქებ ადგილებში დადიან, ნახულობენ, აფასებიან, აღფრთოვანდებიან, უღებენ ფოტოებს, უზიარებენ მეგობრებს, გვიზიარებენ ჩვენც და მერე ბრუნდებიან სამშობლოში.
სამახსოვრო სურათებზე კი სასიამოვნო მომენტებთან ერთად ხშირად ბინძური ვიტრინები, ნაგავსაყრელად ქცეული პირმაღი ან საკმაოდ არასასიამოვნო გარემოც რჩება სამუდამოდ აღბეჭდილი. ვითომ და ყველაზე „ევროპეიზირებულ“ და სუფთა ადგილებშიც კი - სადმე პარკში, რესტორნის შესასვლელთან ან თუნდაც ყველაზე მსხვილ და პოპულარულ სავაჭრო ცენტრშიც ადვილად გადააწყდებით აყრილ ფილაქანს, გუბეს, უპატრონობისგან და სიძველისგან ჩამოხეულ და ჩამოძონძილ აბრებს, ობიექტის გახსნის დღიდან დაუსუფთავებლ, მოთხვრილ კედლებს, მტვრიან, ჭუჭყიან დახლებს, შესასვლელთან „მზრუნველად“ გამოდგმულ ნაგვის პარკებსა და უკვე რეალიზებული საქონლის ყუთებს, რომელთა მოვლა-პატრონობაც ანუ დასუფთავება, გარეცხვა, დალაგება, გატანა არც მერიის და არც რაიონის მუნიციპალიტეტის ვალია. ეს ყოველი კონკრეტული ობიექტის ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ბიზნესის მეპატრონის საქმეა. სხვათ შორის, მათივე საზრუნავია ობიექტამდე მისასვლელი ბილიკის თუ ტროტუარის მოწესრიგებაც. აბა, თუ მაგრები ხართ, თბილისის ცენტრში თოვლის დროს სცადეთ მაღაზიის ან რესტორნის შესასვლელ კარამდე მოლიპული მონაკვეთის უვნებლად გავლა, რასაკვირველია ბავშვობაში მოციგურავე თუ არ იყავით. კლიენტებზე მზრუნველი მენეჯერების წყალობით სპორტის ამ არაქართულ სახეობაში შეჯიბრი თბილისელებ ყოველ თუ არა, ყოველ მეორე ზამთარს მაინც გვიწევს.
არ გეგონთ, რომ თბილისის სისუფთავე მხოლოდ სტუმრების რიდით ან შიშით გვაწუხებს. უბრალოდ, უცხო თვალით დანახული უკეთ ჩანს. ამიტომ არ გვინდა შევეგუოთ და პირველ რიგში ჩვენ გვინდა ვიგრძნოთ, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად ნამდვილად ევროპის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს და ამავდროულად, თანამედროვე და სუფთად და სათუთად მოვლილ ქალაქში ვიმყოფებით.

Facebook Page

Followers