თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ORBI თაუერი, პლაზა, პალასი და სხვა ბათუმში

ის დროც კარგად მახსოვს, სულ რაღაც 10 წლის წინ, ქობულეთში, ზაფხულში ზღვის მერე შხაპის მიღებაც რომ ჭირდა. მაგრამ ამასობაში ევროპას მივუკაკუნეთ კარზე და მეგონა, კურორტზე დასასვენებლად წასულებს ტუალეტის ქაღალდის და საპნის წაღება მაინც აღარ გვჭირდებოდა. ყოველ შემთხვევაში, ისეთ ადგილებში, რომლებიც ამაყად ატარებენ სასახლის ანუ შატოს, პლაზას, პალასის თუ როიალ ჰაუსის ამბიციურ სახელს.  
რაც გინდა დაარქვი, როგორ გინდა გამოპრანჭე და შეფუთე, ქართულ მამა-პაპურ სერვისს მაინც არაფერი შველის. მოხდა ისე, რომ ზამთარში მომიხდა ბათუმში წასვლა. ვენდე მეგობრის რეკომენდაციას და საკმაოდ კარგად დაბრენდილ, გარეკლამებულ და მრავალნაქებ სასტუმრო სახლ „ორბი პლაზაში“ თბილისიდანვე დავჯავშნე ბინა. 
როგორც ქართულ სერვისთან ბრძოლაში გამობრძმედილმა და მრავალჭირნახულმა ადამიანმა, მაინც დავიზღვიე თავი, წინდაწივე დავიჭირე თადარიგი და მთელი კვირის განმავლობაში ჯიუტად ვრეკე ბინის პატრონთან და ჯიუტად ვუმეორე, რომ სამნი მივდიოდით, და ხომ ნამდვილად იყო სასტუმრო-აპარტამენტში სითბო და საბნები. დიალოგი ყოველ ჯერზე ერთი სცენარით ვითარდებოდა:
- გათბობა ხომ არის.
- კი, კი, კონდიციონერი აყენია.
- ხომ ნამდვილად თბილა?
- კონდიციონერი აყენია,
- საბნები ხომ არის?
- კი, კი, კონდიციონერი აყენია.
- სამი საბანი ხომ არის?
- კი, კი, კონდიციონერი აყენია...
ხომ ვამბობდი, გამოცდილი ვარ უკვე-თქო, ჰოდა, მივხვდი რომ ვერ იყო მთლად კარგად საქმე. ჩავთვალე, რადგან პირდაპირ პასუხს თავს არიდებენ, ალბათ საზაფხულო საბნები აქვთ-მეთქი და თბილის "ადიალების" თბილისიდან წაღების ბრძანება გავეცი. ეგდოს მანქანაში, რა იცი რა ხდება? საქართველოა მაინც.
ჩავედით, დავინახეთ გაზიპინებული, ოქროსფრად მოელვარე "ორბი პლაზა". დაგხვდნენ, კარი გაგვიღეს, შვეიცარმა აგვაცილა ნომრამდე. ერთი შეხედვით, ყველაფერი საეჭვოდ კარგად იყო... მაგრამ მეორე შეხედვაზევე გაირკვა, რომ:
კონდიციონერი იყო და მუშაობდა, მაგრამ არ ათბობდა (გაგანია იანვარია).
საბანი და თეთრეული იყო, ოღონდ სამ კაცზე ერთი ხელი.
ყველა ნათურა არ ინთებოდა.
სააბაზანოს ნიჟარაში წყალი არ გადიოდა.
ოთახი იყო მინიმუმ  1 თვის გამოუგველი.
სამი დღით ჩასართავად გადახდა არ გვიღირსო და არ იყო ტელევიზია და ინტერნეტი.
პირსახოცები მოტანილი იყო სახლიდან - მრავალჭირნახული, კარგად გაცვეთილი, ყველა სხვადასხვა ზომის და ფორმის.
ჭურჭელიც - სხვადასხვა სერვიზებიდან შემორჩენილი და ნაცნობ-მეგობრებში შეგროვებული თითო-თითო ჭიქა და თეფში, თანაც გაბზარული, დალაქავებული, კიდეჩამოტეხილი.
იაფფასიანი, ფარატინა ავეჯი, რომელიც შორიდან მტერს უყენებდა თვალს და ახლოდან მოყვარეს. 
ტუალეტის ქაღალდი რომ არ იყო, ამას ალბათ ისედაც მიხვდით.
ლიფტით მგზავრობისთვის ბარათზე თურმე ფული უნდა დარიცხო - ცარიელი ბარათი დაგვიტოვეს, მაგრამ არ გაგვაფრთხილეს, რომ თანხა იყო ჩასარიცხი...
მოკლედ, 4-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად, სხვადასხვა ბინებიდან მოგვიგროვეს და მოგვიზიდეს საბნები და თეთრეული. ვიყიდეთ, საპონი და ტუალეტის ქაღალდი. ტელევიზორი დავსვით საკუთარ მობილურ ინტერნეტზე. მეზობელმა თავისი ბარათით დაგვპატიჟა ლიფტში. აჯანყების მოწყობის და გასათბობად საჭმლის მოსამზადებელი ელექტროქურის ყველა კამფორის ჩართვის მერე, სახლიდან მოგვიტანეს რადიატორი. ეტყობა შეეშინდათ, იმდენს წვავს ეს ოხერი, გავიყიდებითო.

და რაც მთავარია, "ორბის" ადმინისტრაციისა და ბინის პატრონის რკინის არგუმენტი ის იყო, რომ ერთი კვირის წინ იყვნენ სხვები, ცხოვრობდნენ მშვენივრად და არ დაუჩივლიათ, თქვენ რა გინდათო...

ნიკოფსიიდან და დარუბანდიდან

მკითხველი იფიქრებს:   შეეშალა ან სულაც არ სცოდნიაო, მაგრამ სწორედაც რომ  დარუბანდიდან და არა დარუბანდამდე,  როგორც ამას  საქართველოს  საზღვრების  წარსულ მასშტაბებს აღვნიშნავთ ხოლმე სიამაყით. კონკრეტულ შემთხვევაში, კი საქმე ნიკოფსიიდან, დარუბანდიდან, მაშრიყიდან, მაღრიბიდან და დედამიწის ექვსივე კონტინენტის ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმარსა და მის პირველ შთაბეჭდილებებს ეხება.
სტუმარს თუ გაუმართლებს და საქართველოს საზღვარს საჰაერო გზით გადმოკვეთს, მაშინ  ყველაფერი რიგზე იქნება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისუფთავისა და ჰიგიენის თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზეა: იქაურობა საგულდაგულოდ დაგვილ-დაწმენდილ-დასუფთავებული და მოწესრიგებულია. სავარაუდოდაც და შესაბამისადაც, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრის პირველი შთაბეჭდილებაც უკვე შთამბეჭდავი იქნება. რასაც ვერ ვიტყვით ქვეყნის იმ სტუმრებისა და ვიზიტორების სასარგებლოდ, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის გადალახვა სარკინიგზო ან საავტომობილო გზებით უხდებათ. სარკინიგზოსთან დაკავშირებითაც შედარებით სახარბიელო მდგომრეობაა და ცოტა უკეთესად გვაქვს საქმე, რადგან სასაზღვრო კონტროლის გავლა მატარებელშივეა შესაძლებელი, საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში ვიზიტის გარეშე.  მაგრამ  საქმე როცა საავტომობილო საგზაო საბაჟო გამშვები პუნქტების შენობებისა და მისი მიმდებარე (გარე) ტერიტორიების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას (განსაკუთრებით სარფი, სადახლო და ახკერპი) ეხება, აქ სურათი საგრძნობლად მძიმდება და მეზობელი ქვეყნების (განსაკუთრებით თურქეთი), სულ რაღაც ათიოდე მეტრში მდგომი იმავე დანიშნულების შენობების სისუფთავესთან შედარებით, მკვეთრად მუქდება.
- საბაჟო საგუშაგო და საბაჟო გამშვები პუნქტების სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებისა და ოთახების იატაკები იმდენად ბინძური, უსუფთაო და ტალახიანია, ხოლო კედლებს, ფანჯრის რაფებს, ტურნიკეტებს და სხვადასხვა დანიშნულების ავეჯს ისეთი სქელი მტვერი ადევს, რომ მემგონი შეგნებულად არ ალაგებენ და ყველა საზღვრის გადმომკვეთის ფეხსაცმლის ტალახიან ნაკვალევსა და რეგისტრატურის რაფაზე მტვერში დარჩენილ თითის ანაბეჭდებს საგანგებოდ და დიდი ხნით ინახავენ სახელმწიფო საზღვრის სავარაუდო დამრღვევი კრიმინალების ადვილად იდენტიფიცირების მიზნით. იმ პრინციპით, რომ ,,რა იცი, მაინც საზღვარია, ათასი ოხერი მიდის და მოდის, ეგდოს ეს ანაბეჭდი, კაცმა არ იცის როდის და  რაში გამოგვადგებაო“.
- სავალალო მდგომარეობაშია შენობების სველი წერტილები, სადაც აუცილებლად დაგხვდებათ უკვე ჩვეული და ქრონიკულში გადასული ანტისანიტარიული მდგომარეობა თავისი ტრადიციული გართულებებით: არასდროს არაა ხელის დასაბანი საშულებები და ტუალეტის ქაღალდი; იატაკის სიბინძურის გამო უნიტაზამდე ან მიხვალთ ან ვერა, ან ფეხსაცმელი გექნებათ მერე გადასაგდები; იქვე დაგხვდებთ კედელთან აყუდებული იატაკის საწმენდი ჯოხი ზედვე  შემხმარი საეჭვო სისუფთავის მქონე ტილოთი, მრავალჭირნახული ცოცხები და აწ მოგლეჯილი და ძველი დიდების ნაშთად შემორჩენილი უნიტაზე დასაჯდომი პლასტმასის რგოლი.  
- განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო წლების ტრენდი - ,,მიტოვებული ,ვედროების ტრადიცია“. დარბაზის ზუსტად შუაგულში, მებაჟის ჯიხურთან ან სადმე, უადგილო ადგილას ეულად მდგარი ჭუჭყიანი წყლით ნახევრადავსებული ჭურჭელი, ერთადერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ  სადღაც ან ოდესღაც აქაურობას ვიზიტორებთან ერთად დამლაგებელიც სტუმრობდა ხოლმე... ან უბრალოდ, საბაჟოზე წვიმაში წყალი ჩამოდის.
ბევრს არ ემახსოვრება, მაგრამ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში არა მარტო საბაჟო გამშვები პუნქტების იერსახესა და სისუფთავეზე ზრუნავდა სახელმწიფო, არამედ, საუკეთესო ვიზუალური ეფექტისა და შთაბეჭდილების მოსახდენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი დამატებითი ხარჯები სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა (განსაკუთრებით თურქეთის მხარეს) სახლებისა და ეზო-კარმიდამოს მოსავლელად და მოსაწესრიგებლად და ასე უყენებდნენ თვალს გარედან შემოხეტებულ აგრესორებს.
დღესაც, ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დალაგება დასუფთავებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილია შესაბამისი თანხები, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, პრინციპით ერთ დასკვნამდე მივდივართ: ან დასუფთავების სერვისის მომწოდებელი არ ვარგა ან შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო სანიტარული კონტროლი, ან ორივე ერთად. სწორედ შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო სანიტარულ კონტროლს ევალება „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების და „საზღვრებზე ტვირთის კონტროლის სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებების" უზრუნველყოფა. მოკლედ, დასუფთავებაში ფული იხარჯება და სისუფთავის ხარისხს ვინც უნდა აკონტროლბდეს ისინი ხელფასს იღებენ, შედეგი კი არ ჩანს. თურქეთში სავაჭროდ გადასული და მობრუნელებული ქართველები ჯანდაბას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ასეთ დიდ იმედებს რომ ვამყარებთ, იმ უცხოელ ინვესტორებსაც და ტურისტებსაც ნაგავში და ჭუჭყში ჩაძირულები ვხვდებით.
ალბათ ამას არაფერი ეშველება მანამდე, სანამ რომელიმე საზღვარგადმოლახული ტურისტი საბაჟო პუნქტებში არსებული ანტისანიტარიის გამო უკან არ გაბრუნდება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დასენიანებულ (ანუ დაავადმყოფებულ) რეგიონად არ გამოგვაცხადებს. არადა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს არის ადგილი სადაც ჩამოსული ადამიანი ქვეყნის ტერიტორიაზე პირველ ნაბიჯს დგამს და პირველ შთბეჭდილებას ღებულობს, წარმოდგენა ექმნება ვინ ვართ. 


როცა ჯადოსნურ მტვერსასრუტს გთავაზობენ

სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, არცთუ ისე ლეგალური, ძირითადად სატელეფონო  სარეკლამო კამპანია გაჩაღდა საოცარი, ჯადოსნური, არნახული მტვერსასრუტის ერთჯერად, უსასყიდლო (ოღონდ შეძენის პერსპექტივით) მომსახურებაზე. მუშაობა  ორი მიმართულებით მიმდინარეობდა და გათვლილი იყო სახლის სისტემატიური დალგებისგან დაღლილი დიასახლისების და გამოუცდელი ოფის-მენეჯერების დაბოლებაზე.
შეტევა იწყებოდა ასე -
თუ ,,გაგიმართლებდათ“ და ქალაქის სტელეფონო ცნობარში შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით ჯადოსნური-მტვერსასრუტის გამავრცელებელ-შემომთავაზებელ-გამსაღებელს თვალში მოხვდებოდა თქვენი ბინის ტელეფონის ნომერი, ან წინასწარი ,,დაზვერვის“ საფუძველზე შერჩეული სოლიდური და პრესტიჟული ოფისი, რომლის სისუფთავეზეც თქვენ აგებდით პასუხს, აუცილებლად დაგიკავშირდებოდნენ და დაახლოებით ასეთი შინაარსის რამდენიმე ,,სატესტო“ შეკითხვას დაგისვამდნენ: გაწუხებთ თუ არა უსუფთაობა? თქვენ თვითონ თუ ალაგებთ სახლს? გცალიათ თუ არა ამისთვის? რომელ ფირმას ალაგებინებთ ოფისს და ა.შ. 
შემდეგ დგებოდა მტვერსასრუტი-მარჯვენახელის განუმეორებლობისა და შეუცვლელობის სიტყვიერი აღწერის ჯერ თავაზიანი და მოგვიანებით, იძულებითი ეტაპი. აღმოაჩენდით, რომ მტვერსასრუტი-სასწაულმოქმედი პრაქტიკულად თავისით ალაგებს სახლს, წმენდს ფანჯრებს, რეცხავს ხალიჩებს, ცეკვავს, მღერის, უბნის სუპერმარკეტში გეგზავნებათ საყიდლებზე, გიკეთებთ სარელაქსაციო მასაჟს და ლამის ყავასაც გიდუღებთ დალაგების პროცესში. ერთი სიტყვით, შეიძენთ თუ არა, ცხოვრება საამური და მშვენიერი გახდება, დაიკლებთ წონაში, შეგიყვარდებათ დალაგება და თქვენი იაფფასიანი კავროლინი მომტვერსასრუტების მერე ძვირფას ირანულ ნოხად გადაიქცევა. უსასრულოდ გაწელილი და უკვე უაზრობამდე მისული საუბრის დასრულებას კატეგორიულად თუ მოითხოვდით, ასე მარტივად მაინც არ დაგეხსნებოდნენ და თქვენზე ფუჭად დაკარგული დროის სანაცვლოდ აუცილებლად მოგთხოვდნენ იმ ადამიანების ან ფირმების ტელეფონის ნომერებს, ვისთვისაც, თქვენივე აზრით, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ამ მტვერსასრუტი-ყოვლისშემძლეს ფლობა და რომლებიც სიამოვნებით გადახიდიდნენ სოლიდური ავტომანქანის საფასურს მათთვის ასე საჭირო ნივთში. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, აბეზარი თანამოსაუბრის თავიდან მოსაშორებლად აუცილებლად შესთავაზებდით მტვერსასრუტი-მხსნელის შესაძლო მყიდველ-მსურველთა სულ მცირე ორ კატეგორიას მაინც: პირველი - ადამიანებს, რომლებზეც გული მართლაც შეგტკივათ და ალალად უსურვებდით შრომის შემსუბუქებას და, მეორე - მტრებს, მოშურნეებს, მოძულეებს და რასაკვირველია, კონკურენტი ფირმის წარმომადგენლებს, ანუ ყველას, ვისთვისაც ასეთი სასჯელი წრფელი გულით გემეტებოდათ.
თუ შეცდებოდით და საკითხით დაინტერესებას ოდნავ მაინც გამოხატავდით, გონზე მოსვლას ვერც მოასწრებდით ისე, მტვერსასრუტი-ჰოისაოცრების გამავრცელებელ-შემომთავაზებელ-გამსაღებლები დაუყოვნებლივ გეწვეოდნენ სახლში ან ოფისში (გეწვეოდნენ კი არა პრაქტიკულად შტურმით აგიღებდნენ) და შემოსვლისთანავე იწყებდნენ მტვერსასრუტი-უნდაგავხდეშენის შემოთავაზება-გასაღების მცდელობას უკვე კარგად აპრობირებული და მრავალგამარჯვებამოპოვებული სცენარით. ამ პროცედურაზე შემთხვევით შესწრების, ნებაყოფილობით დასწრების შემდეგ ან თვითმხილველის მონაყოლიდან, მსოფლოს ნებისმიერი სახელგანთქმული კინოსტუდიის ნებისმიერ სახელგანთქმულ (ან თუ არ იყო ასეთი, ამის მერე აუცილებლად გახდებოდა) კინორეჟისორს თამამად შეეძლო გადაეღო ბლოკბასტერი თემაზე: „ოპერაცია მტვერსასრუტი“, „მტვერსასრუტი კარიბჭესთან“, „მისია შეუსრულებელი 5 - მტვერსასრუტი“, ან „მტვერფორმერები 4 - მთვარის ბნელი მხარე“, და სულაც საშინელებათა ფილმი „ზარი 3 - მტვერსასრუტი“.
მოქმედება ვითარდებოდა ასე -
არაბუნებრივად თავაზიანი და ენადაშაქრული სტუმრები საეჭვოდ ტყავიდანგამომძვრალი დამაჯერებლობით, ძილისპირული ზღაპარივით ტკბილად გიყვებოდნენ მტვერსასრუტი-ბედნიერებამეწვიას წარმომავლობის შესახებ. თურმე თქვენს სახლში ან ოფისში განგების ძალით აღმოჩენილ მტვერსასრუტ-საოცრებას მსოფლიოში მხოლოდ ორი ქარხანა უშვებს და თანაც ორივე ავიამშენებელი, სადაც თვითმფრინავებთან ერთად ბრენდულ მტვერსასრუტ-ბოინგებსაც ქმნიან. პირველივე, სრულიად უწყინარი კითხვის გაჩენისთანავე გადადიოდნენ პრესინგზე. მტვერსასრუტს-გამანადგურებელს (რგორც ჩანს, ამ კონკრეტულ მოდელს უბრალოდ ავიაქარხანა კი არა სამხედრო ავიაქარხანა აწარმოებდა) თქვენს დასადუმებლად და დასაყრუებლად ისეთ ხმაზე რთავდნენ, რომელიც ქალაქში დაშვებული ხმაურის სტანდარტებსა და ტქენიკური რეგლამენტის ყველა ნორმას ბევრად აღემატებოდა.  ჭოჭმანის გამოხატვის პირველივე ნიშანზე იწყებოდა თქვენი შერცხვენის, დანამუსებისა და ჭკუისდარიგების პროცესი: „რა არის საფიქრალი?“, „ღორებივით გინდათ იცხოვროთ?“ ან „ასეთ პირობებში როგორ უნდა იმუშაოთ, კლიენტები გაგექცევათ?“...
თუ გაგიმართლებდათ და თავის გადარჩენის ინსტინქტის ყველა მოწოდების - ამათგან თავის დაღწევის სხვა შანსი არ არსებობსო - მიუხედავად, რაღაც სასწაულით, არ გახდებოდით მტვერსასრუტი-ახდენილიოცნების ამაყი მფლობელი, ამითი თქვენ გაუფრთხლდებოდით საკუთარი და ოჯახის წევრების, თანამშრომლების  ჯანმრთელობასაც და დაზოგავდით საკმაოდ  მსხვილ თანხას, რომელიც იმდენად მაღალია, რომ სისუფთავისა და კომფორტისაგან მიღებული სიამოვნების ნებისმიერ შეგრძნებაზე  მაღლა დგას.
მტვერსასრუტი-ღმერთოშენგადამარჩინეს ოთხსაათიანი დემონსტრაცია ნამდვილ კოშმარად რომ არ გადაგეგცეთ, ამიტომ გახსოვდეთ რომ:
1. მართლა კარგ და გამოსადეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკას არავინ მოგიტანთ სახლში, ისედაც იყიდება
2. ნუ გადაყრით  ფულს უსარგებლო და გამოუსადეგარ ნივთებში
3. ნუ გახდებით ბინძური გარიგების მსხვერპლი


და ბოლოს, თუ ვერ ახერხებთ სახლისა და განსაკუთრებით, ოფისის რეგულარულად დასუფთავებას, ან არ მოგწონთ მისი სისუფთავის ხარისხი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ არცერთი ტექნიკა არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, თქვენი დახმარების გარეშე. ყველაზე სრულყოფილი მტვერსასრუტის მართვა, თრევა, დასუფთავება და მოვლა მაინც თქვენს კისერზე იქნებ, ამიტომ დახმარებისთვის დასუფთავების სამსახურებს მიმართეთ, იმათ, ვინც ამ საქმის პროფესიონალები და საუკეთესო შემსრულებლები არიან, რომელთა მომსახურების საფასურიც ხელმისაწვდომია (ყოველ შემთხევაში, მტვერსასრუტ-შენსმაგივრადმევიმუშავებ(ჰაჰაჰაჰაროგორმოგატყუე)სთან შედარებით მაინც), ხარისხი კი გარანტირებული.

ფრანგული კინემატოგრაფია და ქართული ,,კარფური“

გახსოვთ, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულების ფრანგული ფილმები, სადაც ჩვენნაირი საბჭოთაწარსულგამოვლილი ადამიანებისთვის სრულიად უცხო და უზარმაზარ სასურსათო მაღაზიებში, ჩვენთვის წარმოუდგენელი და უცნობი დელიკატესებით გადავსებულ, აკურატულ დახლებს შორის დასეირნობდნენ ჟერარ დეპარდიე, ფანი არდანი, პიერ რიშარი, იზაბელ აჯანი, სოფი მარსო, თვით ალენ დელონი და ჟან-პოლ ბელმონდოც კი, რომელიც სუპერმარკეტში გამბმულ ლიანებზეც კი დახტოდა ერთ-ერთ ფილმში („L’Animal”). როგორ გამოაქვთ შეძენილი საქონელი კომფორტული ალუმინის ურიკებით, როგორ გადააქვთ ნავაჭრი სავაჭო ცენტრის წინ, სუფთა და მოწესრიგებულ ავტოსადგომზე გაჩერებულ მაინცდამაინც ეროვნული წარმოების პრესტიჟული ავტომანქანების (რენო, პეჟო, სიტროენი, ბუგატის) საბარგულებში. კინოწარმოებაში რეკლამის ყველა წესისა და რიგის დაცვით, კადრში როგორ მკაფიოდ და გარკვევით ჩანდა უზარმაზარი ბანერი მარკეტის დასახელებითა და დღეს, ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ლურჯ-წითელი წარწერით „Carrefour”-ი?
მანამდე მხოლოდ კინოფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების  საშუალება საბჭოთაეპოქაგამოვლილ და და ამ ეპოქის შემდგომ ქართველებს დიდი დოზით მხოლოდ ხუთიოდე წლის წინ მოგვეცა. მაშინ,  როდესაც 2012 წლის შემოდგომაზე, ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოში  ახალი ტიპის მარკეტი, სახელად  ,,კარფური“  გაიხსნა.
სიტყვა ,,კარფური“ ფრანგული წარმოშობისაა და ქართულადაც და რასაკვირველია, ყველა დანარჩენ ენებზეც ,,გზაჯვარედინს“ ნიშნავს თურმე. მართალია, „კარფურის“ ნათლიამ დასახელებაში, საიდანაც არ უნდა მოდიოდე, საბოლოოდ მაინც ჩემთან მოხვდებიო, იგულისხმა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემში რატომღაც ავტო-საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ასოციაციას იწვევს თავისივე ოთხივე - საინფორმაციო, პრიორიტეტის, მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნებით.
ჰოდა, ,,კარფურისაკენ“ ინტერესით მიმავალ გზაზე, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, გადავწყვიტე, რომ ზედმიწევნით და თანმიმდევრობით დამეცვა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოძრაობის მარეგულირებელი წესები:  

1. საინფორმაციო ნიშანი - იძლევა ინფორმაციას ობიექტის შესახებ. 
ჩვენი ერთ-ერთი მინისტრის რჩევით მივმართე „გუგლს“ და გავიგე, რომ „კარფური“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალოდ მოვაჭრე ყოფილა;  რომ ყველა ქვეყანაში „კარფურს“ თავისი, კონკრეტული ქვეყანისთვის დამახასიათებელი სლოგანი აქვს (მაგ.: ,,ხარისხი და არჩევანი ყველასათვის“, ბრაზილია); რომ „კარფურში“ ყოველთვის დაბალი ფასებია და მთელ მსოფლიოში სწორედ დაბალი ფასების გამო იცნობენ (,,დაბალი ფასები და სხვა დანარჩენი“, არგენტინა);  რომ  აქ პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანია (,,ცხოვრება, როგორც მე მინდა“, სინგაპური); რომ აქ ყოველთვის ხარისხიანი და ახალი პროდუქციაა („ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თქვენსავე მეზობლად“, ჩინეთი); რომ მომსახურების ხარისხი და დონე ძალიან მაღალია (,,ყოველდღე თქვენთვის“, კვიპროსი) და რომ  თურმე ჩვენი „კარფური“ საქართველოზეა ადაპტირებული! უი! (რატომ უი, ამას ცოტა ქვემოთ გაიგებთ).

2. პრიორიტეტის ნიშანი - ადგენ რიგითობას.
ინფორმაციის მოგროვებისა და რეგულარული ვიზიტების საფუძველზე და სხვა არსებული მარკეტების ფონზე, მართლაც მკაფიოდ გამოიკვეთა ,,კარფურის“ პრიორიტეტი და რიგითობა: არსებული აპროდუქციის ძალზე მომხიბლავი და ფართო ასორტიმენტი (აქ შეიძლება შეიძინოთ ბევრი ის პროდუქტი, რაც სხვაგან გაყიდვაში არ არის) და მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობაც (ხელმისაწვდომობა). თბილისის თითქმის  ყველა უბანში გაიხსნა და იხსნება ფილიალები: 2 ჰიპერმარკეტი (თბილისი მოლი, ისთ პოინთი)  და 4 სუპერმარკეტი (ისანი, გლდანი, ქარვასლა, ჯითისი). 


3. მაფრთხილებელი ნიშანი - საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს გზაზე არსებული იმ კონკრეტული საშიშრობის შესახებ, რომლებზეც აუცილებელია სათანადო რეაგირება.  
ცხადია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ,,კარფურის“ ქსელის აქტიური და რეგულარული მომხმარებელი გავხდი და ასეც გაგრძელდებოდა, ამ ბოლო დროის ქართულ „კარფურში“ ტენდენციად ქცეული საგანგაშო გარემოებები რომ არა: 1. ,,მატყუარა ფასები“ (საკმაოდ დიდი სხვაობა პროდუქტზე მიკრული ღირებულებებსა  და სალაროში ქვითარზე ამორტყმულ რეალურ ფასებს შორის); 2. პროდუქტის ძალიან დაბალი ხარისხი (წონის მომატების მიზნით ხელოვნურად დასველებული ხახვი, ლობიოსა და სხვა პარკოსნებში შერეული კენჭები, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქცია, ლამის დამპალი ბოსტნეული და სხვ.) და რაც მთავარია, 3. სავაჭრო დარბაზებში, თაროებსა და კვების ბლოკში არსებული უსუფთაობა და ანტისანიტარია, რაც კარგად ჩანს აქვე თანდართულ და ქართული „კარფურის“ სავალოლო მდგომარეობის ამსახველ ფოტოსურათებზეც.
სისუფთავე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ისნის „კარფურში“, ალბათ ახალია და იმიტომ. გლდანში, მართალია თაროები მირეულ-მორეულია, და პროდუქციაც უწესრიგოდ ყრია, მაგრამ მაინც არაუშავს, მაგას მიჩვეული ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენის ნორმებისგან საკმაოდ შორსაა, საერთო ფონზე სტერილურად მოგეჩვენებათ „ისტ პოინტის კარფურიც“, სადაც  იატაკი ჭუჭყიანია, მაგამ ეტყობა რომ მთლად ერთი კვირის მოუწმენდავიც არ არის. თანაც ეს იყო პირველი „კარფური“ სადაც საკუთარი თვალით ვიხილე ხორცშესხმული და ცოცხალი ხელში იატაკისსაწმენდჯოხმომარჯვებული დამლაგებლები. თორემ, სხვაგან დამლაგებლების არსებობაზე მხოლოდ თაროებს შორის შეტენილი ბინძური ჩვრები, დახლებქვეშ შეკუჭული ჭუჭყიანი ტილოები და პროდუქტებს შორის მზრუნველად დატოვებული ტალახიანი წყლით სავსე ვედროები მეტყველებს. ჰიპერმარკეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, „თბილისი მოლი“, „ქარვასლასა“ და „ჯითისი“ სიბინძურეში პირველ ადგილს გაიყოფდნენ. არა, ვიტყუები, „ჯითისი“ გავიდოდა პირველზე და დანარჩენი ორი, მეორე ადგილს გაიყოფდნენ.
რძის პროდუქტები ობიან და ძუნძგლიან თაროებზე და მაცივრებში აწყვია, უკაცრავად, ყრია. დასაბამიდან დაულაგებელ თაროებზე ობის სოკოა მოდებული. „მოლში“ მარგარინი სისხლის გუბეშემხმარ თაროზე დევს. ახალი ხორცის მაცივარში ჩაღვრილ სისხლს ძვირიანი კონიაკივით გულმოდგინედ ინახავენ და აძველებენ. ცალკე „მოლში“ და ცალე „ჯითისიში“ მთელი თვის მანძილზე ვაკვირდებოდი ერთიდაიგივე გატეხილი კვერცხების ხრწნისა და გახმობის სხვადასხვა სტადიებს. ორივე კვერცხი დღემდე ადგილზეა და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება, სანამ თავისით არ მოძვრება. ჩამონათვალის გაგრძელება მართლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ხომ გაგიგიათ ათასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო. მიდით და თვითონ დარწმუნდით, იქ საძებნელი არაფერია.

4. ამკრძალავი ნიში - მისი მიზანია გაამკაცროს (ამ შემთხვევაში, „კარფურის“  ადმინისტრაციის) ის ვალდებულებები, მოვალეობები, შეზღუდვები და სპეციალური აკრძალვები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
ჩემს აზრს, როგორც დავიწყე, ისევე ,,კინემატოგრაფიულად“ დავამთავრებ: ლიუკ ბესონმა თავის ბლოკბასტერში მსოფლიოს უთხრა, რომ თურმე ოთხი ძირითადი ელემენტის - წყლის, ჰაერის, მიწისა და ცეცხლის გარდა მეხუთეც ელემენტიც არსებობს  - სიყვარული, რომელსაც დედამიწის დაღუპვისგან გადარჩენა შეულია. ასევე, ოთხი  ძირითადი ფაქტორის - წყლის, საკვების, იმუნიტეტისა და რელაქსაციის გარდა, რომელთა გარეშეც ადამიანი ვერ იარსებებს, არსებობს მეხუთე აუცილებელი ფაქტორიც - სისუფთავე.

მოკლედ და ერთი სიტყვით, გამოდის რომ ქართული „კარფურის“ ხელმძღვანელობას ძალიან, ძალიან არ ვუყვარვართ. უფრო მეტიც, აშკარად ვეზიზღებით და ჩვენი გაჟუჟვა და გადაშენება აქვთ გეგმაში. 






ქაბულსა და ლას-ვეგასს შორის


ერთმა ყოფილმა თანამდებობის პირმა და მთავრობის წევრმა სულ რაღაც ახლო წარსულში თქვა:   ოკრიბა და მისი მიმდებარე ტერიტორია ზემოდან გადმოხედვისას დღისით ქაბული გეგონება, ღამით კი - ლას-ვეგასიო.
 ,,სულო ცოდვილო“  და კი არის ეს ნათქვამი ჭეშმარიტებასთან ახლოს: მართლაც რომ საოცარი და სანახავად საკვირველი ადგილია ჩვენი დედაქალაქის ეს ნაწილი, სახელად ,,ოკრიბა“. თუ ქართულ ,,ვიკიპედიასდავუჯერებთ, ხალხში გავრცელებული ლეგენდის თანახმად, გეგუთიდან რაჭას მიმავალ იმერეთის მეფეს სოლომონს (რომელს, ამაზე ლეგენდა დუმს) ჩაუვლია დღევანდელი ოკრიბის (ადგილი იმერეთში, ქუთაისის ჩრდილოეთიდან რაჭამდე) ტერიტორიაზე, ბევრი ხალხი დაუნახავს ერთად თავმოყრილი და უთქვამს: ,,ვო კრებაოდა ამის შემდეგ დარქმევია ამ ადგილს ,,ოკრიბა“.
თავისი სასაცილო შინაარსიდან გამომდინარე, ლეგენდა რამდენად სარწმუნოა, არავინ იცის, მაგრამ დღეს რომ სოლომონს დიდუბის ,,ოკრიბაზეჩაევლო, ბევრად უფრო მეტს ხალხს დაინახავდა: დედაქალაქისკენ მომავალთ, დედაქალაქიდან მიმავალთ, ადგილობრივი ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების მომლოდინეებს, მეტრო სადგურ ,,დიდუბისმოსარგებლეებს, ვალუტის გადაცვლის მსურველებს, გარე სამაგიდო აზარტული თამაშების მოყვარულებს, სწრაფი კვების მუშტრებს, შხამქიმიკატების მყიდველებს, მეორადი საქონლისა და გარე ვაჭრობის მოყვარულებს, აგრარული ბაზრის, საბითუმო ვაჭრობისა და დაბალფასიანი და ხელმისაწვდომი ტანსაცმლის ბაზრობის  მომხმარბლებსა და ნოტარიუსის მომსახურების საჭიროების მქონეებსაც კი, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ჰიპერმარკეტ ,,გორგიასკლიენტურაზე.
მოკლედოკრიბა და მისი მიმდბარე ტერიტორია  ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი და გართობის ცენტრია, რომელიც თავისი საქმიანობითა და ფუნქციებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შემჭიდროებულ სურათს წააგავს და მოსახლეობის საერთო მოთხოვნისა და მოხმარების შეფარდების გათვალისწინებით, ბიზნესისა და  ვაჭრობის განვითარებისთვის საკმაოდ მიმზიდველსა და ხელაყრელ გარემოს წარმოადგენს.  და მაინც, როგორც ეს ადგილის რელიეფური გამოსახულებიდანადაც კარგად ჩანს, აქ ყველაზე ფართოდ გავრცელებული და წარმატებული (სავარაუდოდ - მომგებიანიც) ბიზნესი - სატრანსპორტო-სამგზავრო მომსახურებაა.
ტერიტორიაზე თუ მეტროს სადგურს არ ჩავთვლით, სულ რაღაც“ ოთხიოდე ავტოსადგური ,,ავტოვაგზალი“, ,,ტრანს დიდუბე“, ,,ნიგედა თავად ,,ოკრიბა მდებარეობს იგივე სახელწოდების სასტუმროთი. მათ შორის მოქცეულ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე კი  ბაზრობებია განლაგებული: გარეთ, ღია ცისქვეშ ჯიხურებში თუ გადახურულ დახლებზე გაშლილი საქონელსა და მტვერსა და ნაგავში დაყრილ გასაყიდ პროდუქტებ საკმაოდ ბევრი და ,,თავისი მყიდველი მაინც ჰყავს.
ბუნებრივია,  ანტისანიტარიულ პირობებში საკვები პროდუქტების რეალიზაცია, განსაკუთრებით ხორცი, თევზი, ყველეული, ძეხვი  და მალფუჭებადი საკვები, ხშირად ხდება მოწამვლისა და ინფექციების გამომწვევი მიზეზი და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. გარევაჭრობის და მოუწესრიგებელი სავაჭრო ობიექტების პრობლემით გამოწვეული დაავადებების სიხშირის დადგენა რთულია, რადგან უვარგისი და უხარისხო, დაბალფასიანი საკვებით მოწამლული და მოტყუებული (სპეციალურად დაყენებული სასწორითაც) მომხმარებელი ნაკლებად მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას. გარდა ამისა, ტერიტორიაზე არსებული ანტისანიტარია სასურველი გარემოა ვირთხებისა და სხვა და სხვა პარაზიტული დაავადებების გადამტანებისა და  გამავრცელებლების კეთილდღეობისათვის.
 ,,ოკრიბისავტოსადგურს უკან, ლიანდაგებამდე არ მისული, ტერიტორიის გამწვანების ზონაში არის ერთი ,,ჯადოსნური“  ხე.  განსხვავებით ,,ნატვრის ხისგან,  რომლის ტოტებზე ხალხი ტრადიციულად ფერად-ფერად ზონრებს აბამს და სურვილების ახდენას ჩაუთქვამს ხოლმე, ოკრიბაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოარულ ხალხს ამ ხესთან დააქვს მისთვის არასასურველი ნივთები, ნაგავი. ზუსტად ისე, ცუდ სიზმარისგან შეშინებული ადამიანი წყალს რომ ატანს ხოლმე მისთვის არასასურველი ზმანების შინაარს. მოაქვთ, რუდუნებით ტოვებენ ხის ძირში და ალბათ სიტყვებით: ,,განვედ ჩემგან, გამშორდითავისუფლდებიან არასასიამოვნო განწყობისა და დაბინძურებული აურისგან. იმ შემთხვევაში, დასუფთავების სამსახურები შესაბამის ზომებს თუ არ მიმართავენ, თორემ ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო შეგნების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვის სამსახურები ჯერ კიდევ არ გაგვაჩნია, აღნიშნული ადგილი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მყარი ტრადიციის გაჩენისა და დამკვიდრების საფუძველი გახდება, რასაც თვით ადგილის სახელწოდების წარმართული წარმოშობაც კი უწყობს ხელს. ამჯერად ლეგენდაზე კი არა, ისტორიული წაყაროებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ სახელი  ,,ოკრიბაწარმართული ტრადიციის მატარებელია, თავისი რეალური ეტიმოლოგიით,  ლაზურ-ჭანური წარმოშობისაა და მომდინარეობს სიტყვიდან  "კირიბ", რაც ბატკანს, ანუ ბატკნის შესაწირს ნიშნავს.
 ღმერთი არ გაგვიწყრება და დროულიც იქნებაჩვენც თვითონ თუ დავიწყებთ ზრუნვას სისუფთავესა და წესრიგის შენარჩუნებაზე, მით უფრო, თუ ფოტოზე გამოსახული  ავტობუსის მარშრუტი (ოკრიბა-ვარშავა) დღევანდელი ვიზა-ლიბერალიზაციის პირობებში რეალური გახდება და შუაგულ ევროპაში თავი არ მოგვეჭრება. თანაც ეს უკანასკნელი ფაქტი სასიკეთოდაც წაგვადგება  - შესაძლებლობას მოგვცემს  ამავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ავტოსადგურის გასახნელად, რომლის სახელწოდებაც შეიძლება ისეთივე სახალისო იყოს,  როგორც იმერული, რეალური ოკრიბის  სხადასხვა უბნების სახელები. მაგალითად: ,,ღარასკეთი", ,,ნოღითავი", ,,სილახოხია", ,,უთფირები,,საკაკილე,,დათვის სახოხიალო“, ,,ბერსათრიელა",  ,,ლეყერეთი“ და სხვა.


Facebook Page

Followers