თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ნიკოფსიიდან და დარუბანდიდან

მკითხველი იფიქრებს:   შეეშალა ან სულაც არ სცოდნიაო, მაგრამ სწორედაც რომ  დარუბანდიდან და არა დარუბანდამდე,  როგორც ამას  საქართველოს  საზღვრების  წარსულ მასშტაბებს აღვნიშნავთ ხოლმე სიამაყით. კონკრეტულ შემთხვევაში, კი საქმე ნიკოფსიიდან, დარუბანდიდან, მაშრიყიდან, მაღრიბიდან და დედამიწის ექვსივე კონტინენტის ნებისმიერი გეოგრაფიული წერტილიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმარსა და მის პირველ შთაბეჭდილებებს ეხება.
სტუმარს თუ გაუმართლებს და საქართველოს საზღვარს საჰაერო გზით გადმოკვეთს, მაშინ  ყველაფერი რიგზე იქნება: თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისუფთავისა და ჰიგიენის თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზეა: იქაურობა საგულდაგულოდ დაგვილ-დაწმენდილ-დასუფთავებული და მოწესრიგებულია. სავარაუდოდაც და შესაბამისადაც, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრის პირველი შთაბეჭდილებაც უკვე შთამბეჭდავი იქნება. რასაც ვერ ვიტყვით ქვეყნის იმ სტუმრებისა და ვიზიტორების სასარგებლოდ, რომელთაც სახელმწიფო საზღვრის გადალახვა სარკინიგზო ან საავტომობილო გზებით უხდებათ. სარკინიგზოსთან დაკავშირებითაც შედარებით სახარბიელო მდგომრეობაა და ცოტა უკეთესად გვაქვს საქმე, რადგან სასაზღვრო კონტროლის გავლა მატარებელშივეა შესაძლებელი, საბაჟო გამშვები პუნქტის შენობაში ვიზიტის გარეშე.  მაგრამ  საქმე როცა საავტომობილო საგზაო საბაჟო გამშვები პუნქტების შენობებისა და მისი მიმდებარე (გარე) ტერიტორიების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას (განსაკუთრებით სარფი, სადახლო და ახკერპი) ეხება, აქ სურათი საგრძნობლად მძიმდება და მეზობელი ქვეყნების (განსაკუთრებით თურქეთი), სულ რაღაც ათიოდე მეტრში მდგომი იმავე დანიშნულების შენობების სისუფთავესთან შედარებით, მკვეთრად მუქდება.
- საბაჟო საგუშაგო და საბაჟო გამშვები პუნქტების სხვადასხვა დანიშნულების დარბაზებისა და ოთახების იატაკები იმდენად ბინძური, უსუფთაო და ტალახიანია, ხოლო კედლებს, ფანჯრის რაფებს, ტურნიკეტებს და სხვადასხვა დანიშნულების ავეჯს ისეთი სქელი მტვერი ადევს, რომ მემგონი შეგნებულად არ ალაგებენ და ყველა საზღვრის გადმომკვეთის ფეხსაცმლის ტალახიან ნაკვალევსა და რეგისტრატურის რაფაზე მტვერში დარჩენილ თითის ანაბეჭდებს საგანგებოდ და დიდი ხნით ინახავენ სახელმწიფო საზღვრის სავარაუდო დამრღვევი კრიმინალების ადვილად იდენტიფიცირების მიზნით. იმ პრინციპით, რომ ,,რა იცი, მაინც საზღვარია, ათასი ოხერი მიდის და მოდის, ეგდოს ეს ანაბეჭდი, კაცმა არ იცის როდის და  რაში გამოგვადგებაო“.
- სავალალო მდგომარეობაშია შენობების სველი წერტილები, სადაც აუცილებლად დაგხვდებათ უკვე ჩვეული და ქრონიკულში გადასული ანტისანიტარიული მდგომარეობა თავისი ტრადიციული გართულებებით: არასდროს არაა ხელის დასაბანი საშულებები და ტუალეტის ქაღალდი; იატაკის სიბინძურის გამო უნიტაზამდე ან მიხვალთ ან ვერა, ან ფეხსაცმელი გექნებათ მერე გადასაგდები; იქვე დაგხვდებთ კედელთან აყუდებული იატაკის საწმენდი ჯოხი ზედვე  შემხმარი საეჭვო სისუფთავის მქონე ტილოთი, მრავალჭირნახული ცოცხები და აწ მოგლეჯილი და ძველი დიდების ნაშთად შემორჩენილი უნიტაზე დასაჯდომი პლასტმასის რგოლი.  
- განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო წლების ტრენდი - ,,მიტოვებული ,ვედროების ტრადიცია“. დარბაზის ზუსტად შუაგულში, მებაჟის ჯიხურთან ან სადმე, უადგილო ადგილას ეულად მდგარი ჭუჭყიანი წყლით ნახევრადავსებული ჭურჭელი, ერთადერთი დამადასტურებელი ნიშანი იმისა, რომ  სადღაც ან ოდესღაც აქაურობას ვიზიტორებთან ერთად დამლაგებელიც სტუმრობდა ხოლმე... ან უბრალოდ, საბაჟოზე წვიმაში წყალი ჩამოდის.
ბევრს არ ემახსოვრება, მაგრამ ავადსახსენებელ საბჭოთა პერიოდში არა მარტო საბაჟო გამშვები პუნქტების იერსახესა და სისუფთავეზე ზრუნავდა სახელმწიფო, არამედ, საუკეთესო ვიზუალური ეფექტისა და შთაბეჭდილების მოსახდენად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი დამატებითი ხარჯები სასაზღვრო ზოლში მცხოვრებთა (განსაკუთრებით თურქეთის მხარეს) სახლებისა და ეზო-კარმიდამოს მოსავლელად და მოსაწესრიგებლად და ასე უყენებდნენ თვალს გარედან შემოხეტებულ აგრესორებს.
დღესაც, ჩვენი სასაზღვრო გამშვები პუნქტების დალაგება დასუფთავებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილია შესაბამისი თანხები, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, პრინციპით ერთ დასკვნამდე მივდივართ: ან დასუფთავების სერვისის მომწოდებელი არ ვარგა ან შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო სანიტარული კონტროლი, ან ორივე ერთად. სწორედ შემოსავლების სამსახურის სასაზღვრო სანიტარულ კონტროლს ევალება „ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების და „საზღვრებზე ტვირთის კონტროლის სამედიცინო სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის ღონისძიებების" უზრუნველყოფა. მოკლედ, დასუფთავებაში ფული იხარჯება და სისუფთავის ხარისხს ვინც უნდა აკონტროლბდეს ისინი ხელფასს იღებენ, შედეგი კი არ ჩანს. თურქეთში სავაჭროდ გადასული და მობრუნელებული ქართველები ჯანდაბას, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ასეთ დიდ იმედებს რომ ვამყარებთ, იმ უცხოელ ინვესტორებსაც და ტურისტებსაც ნაგავში და ჭუჭყში ჩაძირულები ვხვდებით.
ალბათ ამას არაფერი ეშველება მანამდე, სანამ რომელიმე საზღვარგადმოლახული ტურისტი საბაჟო პუნქტებში არსებული ანტისანიტარიის გამო უკან არ გაბრუნდება ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დასენიანებულ (ანუ დაავადმყოფებულ) რეგიონად არ გამოგვაცხადებს. არადა, სასაზღვრო გამშვები პუნქტი ქვეყნის სავიზიტო ბარათია, ეს არის ადგილი სადაც ჩამოსული ადამიანი ქვეყნის ტერიტორიაზე პირველ ნაბიჯს დგამს და პირველ შთბეჭდილებას ღებულობს, წარმოდგენა ექმნება ვინ ვართ. 


0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers