თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

როცა ჯადოსნურ მტვერსასრუტს გთავაზობენ

სულ რაღაც ორიოდე წლის წინ, არცთუ ისე ლეგალური, ძირითადად სატელეფონო  სარეკლამო კამპანია გაჩაღდა საოცარი, ჯადოსნური, არნახული მტვერსასრუტის ერთჯერად, უსასყიდლო (ოღონდ შეძენის პერსპექტივით) მომსახურებაზე. მუშაობა  ორი მიმართულებით მიმდინარეობდა და გათვლილი იყო სახლის სისტემატიური დალგებისგან დაღლილი დიასახლისების და გამოუცდელი ოფის-მენეჯერების დაბოლებაზე.
შეტევა იწყებოდა ასე -
თუ ,,გაგიმართლებდათ“ და ქალაქის სტელეფონო ცნობარში შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით ჯადოსნური-მტვერსასრუტის გამავრცელებელ-შემომთავაზებელ-გამსაღებელს თვალში მოხვდებოდა თქვენი ბინის ტელეფონის ნომერი, ან წინასწარი ,,დაზვერვის“ საფუძველზე შერჩეული სოლიდური და პრესტიჟული ოფისი, რომლის სისუფთავეზეც თქვენ აგებდით პასუხს, აუცილებლად დაგიკავშირდებოდნენ და დაახლოებით ასეთი შინაარსის რამდენიმე ,,სატესტო“ შეკითხვას დაგისვამდნენ: გაწუხებთ თუ არა უსუფთაობა? თქვენ თვითონ თუ ალაგებთ სახლს? გცალიათ თუ არა ამისთვის? რომელ ფირმას ალაგებინებთ ოფისს და ა.შ. 
შემდეგ დგებოდა მტვერსასრუტი-მარჯვენახელის განუმეორებლობისა და შეუცვლელობის სიტყვიერი აღწერის ჯერ თავაზიანი და მოგვიანებით, იძულებითი ეტაპი. აღმოაჩენდით, რომ მტვერსასრუტი-სასწაულმოქმედი პრაქტიკულად თავისით ალაგებს სახლს, წმენდს ფანჯრებს, რეცხავს ხალიჩებს, ცეკვავს, მღერის, უბნის სუპერმარკეტში გეგზავნებათ საყიდლებზე, გიკეთებთ სარელაქსაციო მასაჟს და ლამის ყავასაც გიდუღებთ დალაგების პროცესში. ერთი სიტყვით, შეიძენთ თუ არა, ცხოვრება საამური და მშვენიერი გახდება, დაიკლებთ წონაში, შეგიყვარდებათ დალაგება და თქვენი იაფფასიანი კავროლინი მომტვერსასრუტების მერე ძვირფას ირანულ ნოხად გადაიქცევა. უსასრულოდ გაწელილი და უკვე უაზრობამდე მისული საუბრის დასრულებას კატეგორიულად თუ მოითხოვდით, ასე მარტივად მაინც არ დაგეხსნებოდნენ და თქვენზე ფუჭად დაკარგული დროის სანაცვლოდ აუცილებლად მოგთხოვდნენ იმ ადამიანების ან ფირმების ტელეფონის ნომერებს, ვისთვისაც, თქვენივე აზრით, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ამ მტვერსასრუტი-ყოვლისშემძლეს ფლობა და რომლებიც სიამოვნებით გადახიდიდნენ სოლიდური ავტომანქანის საფასურს მათთვის ასე საჭირო ნივთში. ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ, აბეზარი თანამოსაუბრის თავიდან მოსაშორებლად აუცილებლად შესთავაზებდით მტვერსასრუტი-მხსნელის შესაძლო მყიდველ-მსურველთა სულ მცირე ორ კატეგორიას მაინც: პირველი - ადამიანებს, რომლებზეც გული მართლაც შეგტკივათ და ალალად უსურვებდით შრომის შემსუბუქებას და, მეორე - მტრებს, მოშურნეებს, მოძულეებს და რასაკვირველია, კონკურენტი ფირმის წარმომადგენლებს, ანუ ყველას, ვისთვისაც ასეთი სასჯელი წრფელი გულით გემეტებოდათ.
თუ შეცდებოდით და საკითხით დაინტერესებას ოდნავ მაინც გამოხატავდით, გონზე მოსვლას ვერც მოასწრებდით ისე, მტვერსასრუტი-ჰოისაოცრების გამავრცელებელ-შემომთავაზებელ-გამსაღებლები დაუყოვნებლივ გეწვეოდნენ სახლში ან ოფისში (გეწვეოდნენ კი არა პრაქტიკულად შტურმით აგიღებდნენ) და შემოსვლისთანავე იწყებდნენ მტვერსასრუტი-უნდაგავხდეშენის შემოთავაზება-გასაღების მცდელობას უკვე კარგად აპრობირებული და მრავალგამარჯვებამოპოვებული სცენარით. ამ პროცედურაზე შემთხვევით შესწრების, ნებაყოფილობით დასწრების შემდეგ ან თვითმხილველის მონაყოლიდან, მსოფლოს ნებისმიერი სახელგანთქმული კინოსტუდიის ნებისმიერ სახელგანთქმულ (ან თუ არ იყო ასეთი, ამის მერე აუცილებლად გახდებოდა) კინორეჟისორს თამამად შეეძლო გადაეღო ბლოკბასტერი თემაზე: „ოპერაცია მტვერსასრუტი“, „მტვერსასრუტი კარიბჭესთან“, „მისია შეუსრულებელი 5 - მტვერსასრუტი“, ან „მტვერფორმერები 4 - მთვარის ბნელი მხარე“, და სულაც საშინელებათა ფილმი „ზარი 3 - მტვერსასრუტი“.
მოქმედება ვითარდებოდა ასე -
არაბუნებრივად თავაზიანი და ენადაშაქრული სტუმრები საეჭვოდ ტყავიდანგამომძვრალი დამაჯერებლობით, ძილისპირული ზღაპარივით ტკბილად გიყვებოდნენ მტვერსასრუტი-ბედნიერებამეწვიას წარმომავლობის შესახებ. თურმე თქვენს სახლში ან ოფისში განგების ძალით აღმოჩენილ მტვერსასრუტ-საოცრებას მსოფლიოში მხოლოდ ორი ქარხანა უშვებს და თანაც ორივე ავიამშენებელი, სადაც თვითმფრინავებთან ერთად ბრენდულ მტვერსასრუტ-ბოინგებსაც ქმნიან. პირველივე, სრულიად უწყინარი კითხვის გაჩენისთანავე გადადიოდნენ პრესინგზე. მტვერსასრუტს-გამანადგურებელს (რგორც ჩანს, ამ კონკრეტულ მოდელს უბრალოდ ავიაქარხანა კი არა სამხედრო ავიაქარხანა აწარმოებდა) თქვენს დასადუმებლად და დასაყრუებლად ისეთ ხმაზე რთავდნენ, რომელიც ქალაქში დაშვებული ხმაურის სტანდარტებსა და ტქენიკური რეგლამენტის ყველა ნორმას ბევრად აღემატებოდა.  ჭოჭმანის გამოხატვის პირველივე ნიშანზე იწყებოდა თქვენი შერცხვენის, დანამუსებისა და ჭკუისდარიგების პროცესი: „რა არის საფიქრალი?“, „ღორებივით გინდათ იცხოვროთ?“ ან „ასეთ პირობებში როგორ უნდა იმუშაოთ, კლიენტები გაგექცევათ?“...
თუ გაგიმართლებდათ და თავის გადარჩენის ინსტინქტის ყველა მოწოდების - ამათგან თავის დაღწევის სხვა შანსი არ არსებობსო - მიუხედავად, რაღაც სასწაულით, არ გახდებოდით მტვერსასრუტი-ახდენილიოცნების ამაყი მფლობელი, ამითი თქვენ გაუფრთხლდებოდით საკუთარი და ოჯახის წევრების, თანამშრომლების  ჯანმრთელობასაც და დაზოგავდით საკმაოდ  მსხვილ თანხას, რომელიც იმდენად მაღალია, რომ სისუფთავისა და კომფორტისაგან მიღებული სიამოვნების ნებისმიერ შეგრძნებაზე  მაღლა დგას.
მტვერსასრუტი-ღმერთოშენგადამარჩინეს ოთხსაათიანი დემონსტრაცია ნამდვილ კოშმარად რომ არ გადაგეგცეთ, ამიტომ გახსოვდეთ რომ:
1. მართლა კარგ და გამოსადეგ საყოფაცხოვრებო ტექნიკას არავინ მოგიტანთ სახლში, ისედაც იყიდება
2. ნუ გადაყრით  ფულს უსარგებლო და გამოუსადეგარ ნივთებში
3. ნუ გახდებით ბინძური გარიგების მსხვერპლი


და ბოლოს, თუ ვერ ახერხებთ სახლისა და განსაკუთრებით, ოფისის რეგულარულად დასუფთავებას, ან არ მოგწონთ მისი სისუფთავის ხარისხი, ნუ დაგავიწყდებათ, რომ არცერთი ტექნიკა არ ფუნქციონირებს დამოუკიდებლად, თქვენი დახმარების გარეშე. ყველაზე სრულყოფილი მტვერსასრუტის მართვა, თრევა, დასუფთავება და მოვლა მაინც თქვენს კისერზე იქნებ, ამიტომ დახმარებისთვის დასუფთავების სამსახურებს მიმართეთ, იმათ, ვინც ამ საქმის პროფესიონალები და საუკეთესო შემსრულებლები არიან, რომელთა მომსახურების საფასურიც ხელმისაწვდომია (ყოველ შემთხევაში, მტვერსასრუტ-შენსმაგივრადმევიმუშავებ(ჰაჰაჰაჰაროგორმოგატყუე)სთან შედარებით მაინც), ხარისხი კი გარანტირებული.

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers