თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ფრანგული კინემატოგრაფია და ქართული ,,კარფური“

გახსოვთ, მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულების ფრანგული ფილმები, სადაც ჩვენნაირი საბჭოთაწარსულგამოვლილი ადამიანებისთვის სრულიად უცხო და უზარმაზარ სასურსათო მაღაზიებში, ჩვენთვის წარმოუდგენელი და უცნობი დელიკატესებით გადავსებულ, აკურატულ დახლებს შორის დასეირნობდნენ ჟერარ დეპარდიე, ფანი არდანი, პიერ რიშარი, იზაბელ აჯანი, სოფი მარსო, თვით ალენ დელონი და ჟან-პოლ ბელმონდოც კი, რომელიც სუპერმარკეტში გამბმულ ლიანებზეც კი დახტოდა ერთ-ერთ ფილმში („L’Animal”). როგორ გამოაქვთ შეძენილი საქონელი კომფორტული ალუმინის ურიკებით, როგორ გადააქვთ ნავაჭრი სავაჭო ცენტრის წინ, სუფთა და მოწესრიგებულ ავტოსადგომზე გაჩერებულ მაინცდამაინც ეროვნული წარმოების პრესტიჟული ავტომანქანების (რენო, პეჟო, სიტროენი, ბუგატის) საბარგულებში. კინოწარმოებაში რეკლამის ყველა წესისა და რიგის დაცვით, კადრში როგორ მკაფიოდ და გარკვევით ჩანდა უზარმაზარი ბანერი მარკეტის დასახელებითა და დღეს, ჩვენთვის ასე კარგად ნაცნობი ლურჯ-წითელი წარწერით „Carrefour”-ი?
მანამდე მხოლოდ კინოფილმებიდან მიღებული შთაბეჭდილებისა და ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების  საშუალება საბჭოთაეპოქაგამოვლილ და და ამ ეპოქის შემდგომ ქართველებს დიდი დოზით მხოლოდ ხუთიოდე წლის წინ მოგვეცა. მაშინ,  როდესაც 2012 წლის შემოდგომაზე, ბევრ სხვა სიახლესთან ერთად, ჩვენს მრავალჭირნახულ სამშობლოში  ახალი ტიპის მარკეტი, სახელად  ,,კარფური“  გაიხსნა.
სიტყვა ,,კარფური“ ფრანგული წარმოშობისაა და ქართულადაც და რასაკვირველია, ყველა დანარჩენ ენებზეც ,,გზაჯვარედინს“ ნიშნავს თურმე. მართალია, „კარფურის“ ნათლიამ დასახელებაში, საიდანაც არ უნდა მოდიოდე, საბოლოოდ მაინც ჩემთან მოხვდებიო, იგულისხმა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჩემში რატომღაც ავტო-საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ასოციაციას იწვევს თავისივე ოთხივე - საინფორმაციო, პრიორიტეტის, მაფრთხილებელი და ამკრძალავი ნიშნებით.
ჰოდა, ,,კარფურისაკენ“ ინტერესით მიმავალ გზაზე, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, გადავწყვიტე, რომ ზედმიწევნით და თანმიმდევრობით დამეცვა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოძრაობის მარეგულირებელი წესები:  

1. საინფორმაციო ნიშანი - იძლევა ინფორმაციას ობიექტის შესახებ. 
ჩვენი ერთ-ერთი მინისტრის რჩევით მივმართე „გუგლს“ და გავიგე, რომ „კარფური“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საცალოდ მოვაჭრე ყოფილა;  რომ ყველა ქვეყანაში „კარფურს“ თავისი, კონკრეტული ქვეყანისთვის დამახასიათებელი სლოგანი აქვს (მაგ.: ,,ხარისხი და არჩევანი ყველასათვის“, ბრაზილია); რომ „კარფურში“ ყოველთვის დაბალი ფასებია და მთელ მსოფლიოში სწორედ დაბალი ფასების გამო იცნობენ (,,დაბალი ფასები და სხვა დანარჩენი“, არგენტინა);  რომ  აქ პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანია (,,ცხოვრება, როგორც მე მინდა“, სინგაპური); რომ აქ ყოველთვის ხარისხიანი და ახალი პროდუქციაა („ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თქვენსავე მეზობლად“, ჩინეთი); რომ მომსახურების ხარისხი და დონე ძალიან მაღალია (,,ყოველდღე თქვენთვის“, კვიპროსი) და რომ  თურმე ჩვენი „კარფური“ საქართველოზეა ადაპტირებული! უი! (რატომ უი, ამას ცოტა ქვემოთ გაიგებთ).

2. პრიორიტეტის ნიშანი - ადგენ რიგითობას.
ინფორმაციის მოგროვებისა და რეგულარული ვიზიტების საფუძველზე და სხვა არსებული მარკეტების ფონზე, მართლაც მკაფიოდ გამოიკვეთა ,,კარფურის“ პრიორიტეტი და რიგითობა: არსებული აპროდუქციის ძალზე მომხიბლავი და ფართო ასორტიმენტი (აქ შეიძლება შეიძინოთ ბევრი ის პროდუქტი, რაც სხვაგან გაყიდვაში არ არის) და მიმზიდველი გეოგრაფიული მდებარეობაც (ხელმისაწვდომობა). თბილისის თითქმის  ყველა უბანში გაიხსნა და იხსნება ფილიალები: 2 ჰიპერმარკეტი (თბილისი მოლი, ისთ პოინთი)  და 4 სუპერმარკეტი (ისანი, გლდანი, ქარვასლა, ჯითისი). 


3. მაფრთხილებელი ნიშანი - საგზაო მოძრაობის მონაწილეებს აფრთხილებს გზაზე არსებული იმ კონკრეტული საშიშრობის შესახებ, რომლებზეც აუცილებელია სათანადო რეაგირება.  
ცხადია, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ,,კარფურის“ ქსელის აქტიური და რეგულარული მომხმარებელი გავხდი და ასეც გაგრძელდებოდა, ამ ბოლო დროის ქართულ „კარფურში“ ტენდენციად ქცეული საგანგაშო გარემოებები რომ არა: 1. ,,მატყუარა ფასები“ (საკმაოდ დიდი სხვაობა პროდუქტზე მიკრული ღირებულებებსა  და სალაროში ქვითარზე ამორტყმულ რეალურ ფასებს შორის); 2. პროდუქტის ძალიან დაბალი ხარისხი (წონის მომატების მიზნით ხელოვნურად დასველებული ხახვი, ლობიოსა და სხვა პარკოსნებში შერეული კენჭები, ვადაგასული და დაზიანებული პროდუქცია, ლამის დამპალი ბოსტნეული და სხვ.) და რაც მთავარია, 3. სავაჭრო დარბაზებში, თაროებსა და კვების ბლოკში არსებული უსუფთაობა და ანტისანიტარია, რაც კარგად ჩანს აქვე თანდართულ და ქართული „კარფურის“ სავალოლო მდგომარეობის ამსახველ ფოტოსურათებზეც.
სისუფთავე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ისნის „კარფურში“, ალბათ ახალია და იმიტომ. გლდანში, მართალია თაროები მირეულ-მორეულია, და პროდუქციაც უწესრიგოდ ყრია, მაგრამ მაინც არაუშავს, მაგას მიჩვეული ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ჰიგიენის ნორმებისგან საკმაოდ შორსაა, საერთო ფონზე სტერილურად მოგეჩვენებათ „ისტ პოინტის კარფურიც“, სადაც  იატაკი ჭუჭყიანია, მაგამ ეტყობა რომ მთლად ერთი კვირის მოუწმენდავიც არ არის. თანაც ეს იყო პირველი „კარფური“ სადაც საკუთარი თვალით ვიხილე ხორცშესხმული და ცოცხალი ხელში იატაკისსაწმენდჯოხმომარჯვებული დამლაგებლები. თორემ, სხვაგან დამლაგებლების არსებობაზე მხოლოდ თაროებს შორის შეტენილი ბინძური ჩვრები, დახლებქვეშ შეკუჭული ჭუჭყიანი ტილოები და პროდუქტებს შორის მზრუნველად დატოვებული ტალახიანი წყლით სავსე ვედროები მეტყველებს. ჰიპერმარკეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, „თბილისი მოლი“, „ქარვასლასა“ და „ჯითისი“ სიბინძურეში პირველ ადგილს გაიყოფდნენ. არა, ვიტყუები, „ჯითისი“ გავიდოდა პირველზე და დანარჩენი ორი, მეორე ადგილს გაიყოფდნენ.
რძის პროდუქტები ობიან და ძუნძგლიან თაროებზე და მაცივრებში აწყვია, უკაცრავად, ყრია. დასაბამიდან დაულაგებელ თაროებზე ობის სოკოა მოდებული. „მოლში“ მარგარინი სისხლის გუბეშემხმარ თაროზე დევს. ახალი ხორცის მაცივარში ჩაღვრილ სისხლს ძვირიანი კონიაკივით გულმოდგინედ ინახავენ და აძველებენ. ცალკე „მოლში“ და ცალე „ჯითისიში“ მთელი თვის მანძილზე ვაკვირდებოდი ერთიდაიგივე გატეხილი კვერცხების ხრწნისა და გახმობის სხვადასხვა სტადიებს. ორივე კვერცხი დღემდე ადგილზეა და ალბათ კიდევ დიდხანს იქნება, სანამ თავისით არ მოძვრება. ჩამონათვალის გაგრძელება მართლა უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ ხომ გაგიგიათ ათასჯერ ნათქვამს ერთხელ ნანახი ჯობიაო. მიდით და თვითონ დარწმუნდით, იქ საძებნელი არაფერია.

4. ამკრძალავი ნიში - მისი მიზანია გაამკაცროს (ამ შემთხვევაში, „კარფურის“  ადმინისტრაციის) ის ვალდებულებები, მოვალეობები, შეზღუდვები და სპეციალური აკრძალვები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა.
ჩემს აზრს, როგორც დავიწყე, ისევე ,,კინემატოგრაფიულად“ დავამთავრებ: ლიუკ ბესონმა თავის ბლოკბასტერში მსოფლიოს უთხრა, რომ თურმე ოთხი ძირითადი ელემენტის - წყლის, ჰაერის, მიწისა და ცეცხლის გარდა მეხუთეც ელემენტიც არსებობს  - სიყვარული, რომელსაც დედამიწის დაღუპვისგან გადარჩენა შეულია. ასევე, ოთხი  ძირითადი ფაქტორის - წყლის, საკვების, იმუნიტეტისა და რელაქსაციის გარდა, რომელთა გარეშეც ადამიანი ვერ იარსებებს, არსებობს მეხუთე აუცილებელი ფაქტორიც - სისუფთავე.

მოკლედ და ერთი სიტყვით, გამოდის რომ ქართული „კარფურის“ ხელმძღვანელობას ძალიან, ძალიან არ ვუყვარვართ. უფრო მეტიც, აშკარად ვეზიზღებით და ჩვენი გაჟუჟვა და გადაშენება აქვთ გეგმაში. 






0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers