თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ავტობუსი კარგად რომ გაჩერდება მერე ჩამოდი...

ეს სტატია იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვისაა, ვისაც გაუთვალისწინებელი მიზეზით, ან სულაც შემთხვევით, მოუხდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. თორემ ისინი, ვინც რეგულარულად სარგებლობენ ტრანსპორტის ამ სახეობით, ,,შეუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და შეჩვეულს ნუ გადამაჩვევს“ პრინციპით,  მართლაც რომ გამოწრთობილი არიან მგზავრობასთან დაკავშირებულ სირთულეებსა თუ თავგადასავლებში.
ჰოდა, ზემოთ ტყუილად კი არ გვიხსენებია ,,მიზეზი“ და ,,შემთხვევა“ - ორივე ფაქტორი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის აღწერისთვის გვჭირდება:
მიზეზი - მაგალითად, გადაწყვიტეთ მოინახულოთ დიდი ხნის უნახავი და გარეუბანში  მცხოვრები, პროვინციიდან არცთუ ისე დიდი ხნის წინ  ჩამოსული (თორემ ,,კარენოი“ ქალაქელს გარეუბანში რა უნდა?) ნათესავი, ახლობელი ან ნათელ-მირონი.
შემთხვევით - მწყობრიდან გამოვიდა თქვენი ავტომანქანა, ან დროებით წინასწარი პროფილაქტიკისათვის გყავთ დატოვებული ავტოსერვისში, ან პირადი მძღოლი შორეული ნათესავის დაკრძალვაზე რაიონში გასამგზავრებლად დაგეთხოვათ, ან სულაც ალკოჰოლის მიღებისა და ერთი კარგად წაქეიფების  პერსპექტივის გამო და... კიდევ უამრავი მიზეზით დარჩით ავტომანქანის გარეშე და ისევ შემთხვევით აღმოჩნდით მეტროს სადგურის ,,დიდუბისა“ და ავტოსადგურის ,,ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე და თქვენთვის სასურველი და ხელსაყრელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნომრის გარკვევის შემდეგ, მოჩილად დაიკავეთ რიგი სამარშუტო ტაქსის მოლოდინში.
ამჯერად ისევ ,,ჰოდა“ და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის აუცილებელი  ისევ ორი რეალური და გარდაუვალი ფაქტი: ლოდინი და რიგი.  ორი ერთმანეთისგან განუყოფელი ფაქტორი. იმიტომ რომ დაელოდო, რიგში უნდა ჩადგე და რიგი უნდა დაიკავო იმისთვის, რომ დაელოდო. ლოდინის ხანგრძლივობა დილის, დღისა და საღამოს სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვანაირია. მძღოლის სურვილის გარდა კიდევ რაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად არავინ იცის და საშუალოდ 20-სა და 40 წუთს შორის მერყეობს. მგზავრობისთვის  მზადების ამ საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რიგია და მისი სიგრძე, გაგიკვირდებათ და,  ლოდინის ხანგრძლივობის პირდაპირპროპორციულია. ყველაზე მოკლე რიგი ესესაა დაძრულ „მარშუტკაში“ ვერ შეტეული და ჩამორჩენილ/დარჩენილი ათიოდე იმედგაცრუებული მოქალაქისგან (ან შესაძლებელია, უფრო მეტიც) შედგება, რომლებიც შემდეგი მანქანის მოლოდინში, მწკრივში დგომას უშედეგოდ ცდილობენ.  განრიგით პირველი „მარშრუტკის“ ყველაზე გრძელი რიგის სიგრძე კი ხანდახან საბჭოთა ეპოქისდროინდელ მოსკოვის წითელ მოედანზე, ლნინის მავზოლეუმთან პროლეტარიატის ბელადის ნახვის მსურველთა ყველაზე გრძელ რიგსაც კი აჭარბებს ხოლმე. კიდევ ერთი ფაქტი, სამარშრუტო ტაქსის მოლოდინში შეკრებილი ადამიანების დაჯგუფებას ,,რიგი“ პირობითად ჰქვია, ისიც ,,მარშუტკის“ მოსვლამდე, თორემ ტრანსპორტის მოსვლის შემდეგ, ისევ გარეთ დარჩენისა და ტრანსპორტში ვერ შეღწევის  შიშით, იწყება ,,ზედახორა“, ,,შერკინება“, „კვანტი დაუდე“, „მუჯლუგუნი კარი“, „უთაქე“, „უჯიკე“ და მსგავსი მოქმედებები.
ჰოდა, თუ გაგიმართლათ და  სამარშუტო ტაქსში ახვედით, აქაც ორ ფაქტთან გექნებათ საქმე: ან ჯდებით ან ფეხზე დგახართ. ალბათ უფრო მეორე, რადგან ჯდომის პატივი რომ გერგოთ, ამისთვის მინიმუმ ერთი ,,მარშუტკა“ უნდა გყავდეთ რიგში გაშვებული. მოკლედ, შევთანხმდეთ, რომ დგეხართ მგზავრებით გადაჭედილ სალონში, სადღაც სკამებს შორის რიგის შუა ნაწილში (მძღოლთან სიახლოვეს დგომა მაგარი გამართლებაა), ვერ მოძრაობთ, ცოტა ხანში ვეღარც სუნთქავთ: აღარც ჰაერია და აღარც გულმკერდის კუნთებსა და ნეკნებს აქვთ ჩვეულებრივი, ფიზიოლოგიური სუნთქვითი მოძრაობების საშუალება. უცებ, შუა გზაში ვიღაც, უკიდურეს უკანა ნაწილში შეკუჭულ, თანამგზავრს ახსენდება, რომ უნდა ჩავიდეს. სასოწარკვეთილი იწყებს კივილს, გამიჩერეთო, მაგრამ მძღოლს არ ესმის. სალონში ყაყანი, ხმამაღალი საუბარი, მძღოლის გემოვნებით შერჩეული ყურის და ტვინის წამღები მუსიკალური რეპერტუარი, ნაცნობ-უცნობების გადაძახილი, ტელეფონის ზარები და ამ ტელეფონებზე მოურიდებლად, ოჯახურ თუ ინტიმურ პრობლემებზე ხმამაღალი საუბრები წუთითაც არ წყდება. ამ მომენტში უკვე მგზავრების უმრავლესობა  ერთვება ,,გაუჩერე, გაუჩერეს“ ძახილით. ნანატრი გაჩერების შემდეგ, ჩამსვლელი ჭეშმარიტი ტერმინატორივის მონდომებით იწყებს სვლას ჩასასვლელი კარისკენ. ზედ უვლის ყველას და ყველაფერს, დაუნდობლად ანადგურებს გზაზე შემხვედრ ყველანაირ დაბრკოლებას და ვაითუ, ბარგიც უჭირავს ხელში. მაშინ, მისი ჩანთის თუ ფუთის თავში, სახეში და სხეულის სხვა ნაწილებში უმოწყალოდ ჩაფერთხება-ჩარტყმისგან არა მხოლოდ ფეხზე მდგომი მგზავრები, არამედ იღბლიანი სკამზემსხდომებიც არ არიან დაზღვეულები.
გულს ნუ გაიტეხთ, ასეთ მგზავრობასაც აქვს თავისი დადებითი მხარეები: თქვენ არ გექნებათ საშუალება შეამჩნიოთ სამარშუტო ტაქსების სალონებში გამეფებული ანტისანიტარია, სიბინძურე და დასაჯდომი სავარძლების მდგომარეობა ტრადიციული სატრანსპორტო ხელოვნების ნიმუშებით: ძირითადად, ისარგაყრილი გულებით და საინფორმაციო წარწერებით, რომელთა შინაარსიც მეტწილად კონკრეტული ადრესატების მითითებით სასიყვარულო-სამიჯნურო ხასიათის ატარებს. მაგ.: „ლიკაააააა, მიყვარხარ!!!!“, ან დარიალის ხეობის ერთ-ერთ კლდეზე მზრუნველად მიხატული ცნობილი წარწერისა არ იყოს „Здес были Ося и Кися“, მგზავრთა საპასპორტო მონაცემებსა და მგზავრობის ქრონოლოგიურ დეტალებს ეხება.
და ბოლოს, მგზავრობის პროცესში, ის ამბავი თუ არ გაგახსენდათ პერსეფონეს რომ დაემუქრა ჰადესი, ჭკუით იყავი, თორემ ვერ გადამირჩებიო და პერსეფონემ რომ უპასუხა: ამაზე უარესი რა უნდა მიქნა - ჯოჯოხეთში ვარ და თანაც უკვე მკვდარიო. მაშინ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ, ძალიან იღბლიანად იმგზავრეთ.    

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers