თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

დამლაგებლების ომები

რას არ გაიგებ ადამიანი?!
მე აქ თბილისის რესტორნებს, ორგანიზაციებსა და სავაჭრო ცენტრებში არსებულ სიბინძურეზე ჩხუბით ვიღლები და ამასობაში, თურმე თბილისში, დასუფთავების ბიზნესში მთელი მაფია მოქმედებს და დასუფთავების რამდენიმე მსხვილი ორგანიზაცია ერთმანეთს თავპირს ამტვრევს ობიექტების „ასახევად“.
მოკლედ, ამას წინათ „თბილისი მოლის“ ცენტრალურ შესასვლელში, პალმის ძირში დადგმულ მერხზე ვიჯექი და მეგობარს ველოდებოდი. აგვიანდებოდა და მეც დიდხანს მომიწია ლოდინმა. რა საქმე მქონდა? ვიჯექი და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გამვლელ-გამომვლელს ვაკვირდებოდი. შუა კვირა და შუადღე იყო და ამიტომ ფოიეში ხალხზე მეტი ცისფერწინსაფრიანი და ხელში იატაკის საწმენდჯოხმომარჯვებული დამლაგებლები დასეირნობდნენ დინჯად წინ და უკან. ერთი შეხედვით, მუხლჩაუხრელად შრომობდნენ და გაგანია სამუშაო პროცესის სრულ ილუზიას ქმნიდნენ, მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი, შევნიშნე რომ რეალურად სულ სხვაგვარად იყო საქმე.
რომელიმეს ერთხელ, ერთი წამით მაინც რომ დაეხედა დაბლა ხომ დაინახავდნენ სარკესავით გაპრიალებულ მეტლახზე დარჩენილ ტალახიან ნაფეხურებს? არადა კისერი მოეღრიცათ ვიტრინების და ხალხის თვალიერებით. ნახევარი საათის მანძილზე ერთხელაც არ დაუხედავთ დაბლა. თანაც ბედი არ გინდა? ამ უაზრო ბოდიალში ხომ შეიძლება გაგიმართლოს და შემთხვევით გადაატარო ტილო ტალახს? არა, ტაბუდადებული და წმინდა ადგილებივით არ ეკარებოდნენ და სრულიად გაუაზრებლად, სნაიპერული სიზუსტით უქცევდნენ გვერდს ჩემს ცხვირწინ კარგად დამჩნეულ თორმეტიოდე ნაფეხურს.
ამასობაში ჩემი მეგობარიც მოვიდა და „მოლის“ არაცენტრალური ადგილებიც მოხვდა ჩემი თვალთახედვის არეში. ცენტრიდან პერიფერიებისკენ და ზედა სართულებზე პირდაპირ პროპორციულად კლებულობდა დამლაგებელთა რაოდენობა. რაც უფრო შორს გრძელდებოდა დერეფანი, უფრო ფუჭდებოდა დალაგების ხარისხიც. ასევე მცირდებოდა საპირფარეშოებშიც თხევადი საპნის, ტუალეტის ქაღალდისა და ხელსახოცების დახვედრის შანსიც. მეორე სართულზე, იქვე, უსაქმოდ აყუდებულ დამლაგებლებს ვთხოვე ქაღალდის მოტანა და არ გვაქვსო, მითხრეს. არადა, როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა ამიხსნეს, დასუფთავების კონტრაქტის  პირობებში ტრადიციულად, მტვრის გადაწმენდის და იატაკის გაპიალების გარდა, საჭირო ოთახების ჰიგიენის საშუალებებით მომარაგებაც შედის. მერე კინოთეატრი „კავეას“ წინ მოფუსფუსე მწვანემაისურიანებს დავანახე „ბურგერ კინგის“ წინ დაფენილი ჩაოხრებული ხალიჩა - აქ ხალხი საჭმელს ჭამს და სანამ ვინმე მოუწამლია, მიხედეთ-თქო და,  რას ამბობ, ეგ ტერიტორია ჩვენ არ გვეკუთვნისო, ზრდილობიანად მიმტუქსეს და სწორედ მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე თბილისური საზომით დიდი, მაგრამ რეალურად ერთი ქეციანი „მოლის“ ტერიტორიას სამი თუ ოთხი დასუფთავების ფირმა ალაგებს და თითოული მტკაველის მიტაცებაზე მიდის ომი. თუმცა, ეს ის გამონაკლისია, როცა კონკურენცია ხარისხის გარანტია ნამდვილად არ არის.
მერე ის იყო,  ასევე კარგად ჩაოხრებული „კარფურიდან“ გამოვედი და შევამჩნიე სიბინძურის ბუდედ ქცეული „ზარადან“ როგორ გამოეფინენ ხელკავგაყრილი და ამჯერად ლურჯ ფორმებში გამოწყობილი დამლაგებლები და სიცილ-ხორხოცითა და მზესუმზირის ჭამით როგორ გაემართნენ  გაურკვეველი მიმართულებით. რადგან ეშხში ვიყავი შესული, ბარემ გადავწყვიტე უკან გავყოლოდი და მენახა საით მიიჩქაროდნენ ჰიგიენის მცველები ასეთი ბედნიერი სახით. საიდუმლო ბუდე „მოლის“ ზედა, პრაქტიკულად ნახევრად ცარიელ სართულებზე ქონიათ, სადაც გასაკეთებელ საქმესაც და მენეჯერების მომთხოვნ თვალსაც ერთნაირი წარმატებით ემალებიან მთელი დღის განმავლობაში. შესრულებული სამუშაოს ხარისხით თუ ვისმჯელებთ, ეჭვი მეპარება, ამათ ვინმე აკონტროლებდეს ან რამეს თხოვდეს, მაგრამ ეტყობა, ყოველი შემთხვევისთვის, სიფრთხილეს თავი არ სტკივას პრინციპით მოქმედებენ. იქვე შევიტყვე, რომ მეორე „ბუდე“ სულ დაბლა, პარკინგზე ყოფილა, სადაც იატაკის საწმენდი მანქანის ოპერატორები საათობით უსაქმოდ სხედან ვითომდა დამჯდარი ელექტრომობილების დატენვის მოლოდინში.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სწორედ აქ მოვისმინე ისტორიები, რომლებსაც დროის გაყვანის მიზნით უთავბოლოდ ყვებოდნენ უსაქმურად და უპატრონოდ დარჩენილი ქალები. ერთი სიტყვით, როგორც მე მივხვდი, თბილისში, დასუფთავების ბიზნესში  კონკურენტების დასაძირად ბრძოლა სამი ძირითადი მიმართულებით მიდის.
1. ნებისმიერ ფასად წაართვა კონკურენტს ობიექტი - ამისთვის ტენდერში ან მოლაპარაკებაში შედიხარ არარეალური ფასით. ოღონდ მოიგო და ყველაფერზე თანახმა ხარ და შედეგად, იმიტომ რომ დალაგების ხარჯი შეთანხმებულ ანაზღაურებაზე მეტია, ვეღარ ალაგებ, თანამშრომლებს ვეღარ უხდი ხელფასებს და ვღებულობთ „თბილის მოლის“ ანალოგიურ სიტუაციას. სადაც დამლაგებლები ფორმალურად იმყოფებიან, მაგრამ არც სამუშაოს შესრულებას თხოვს დამქირავებელი (იმიტომ რომ ვერ უხდის ხელფასს ან არ არის სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელი ინვენტარი - ტილოები, ხსნარები, აპარატურა) და არც ქაღალდია საპირფარეშოში, იმიტომ რომ „მოლის“ მომსახურებაში მოთხოვნილი საფასური არ ყოფნის რეალურ ხარჯებს. ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ზოგიერთმა კომპანიამ ასეთ გამოსავალს მიაგნო: თანამშრომლებს ანაზღაურება რომ არ გადაუხადონ, ხელფასის დღემდე ცოტა ხნით ადრე უშვებენ საყვედურით და სანაცვლოდ ახლები აყავთ, რომლებსაც მომავალ ხელფასამდე გაუშვებენ.
2. შეულახო რეპუტაცია კონკურენტს - გყავს თანამშრომლები, რომლების ერთადერთი მოვალეობაა, იარონ სხვა კომპანიის ობიექტებზე და დაუმეგობრდნენ იქაურ დამლაგებლებს და  გაავრცელონ ჭორები, რომ მათ დამსაქმებელს ამ კონკრეტული ობიექტიდან (და სხვებიდანაც) აგდებენ, რომ ანგარიშზე ყადაღა აქვს დადებული, რომ ვეღარ გადაიხდის ხელფასებს და თანამშრომლების დათხოვნა მოუწევს ა.შ. ანალოგიურ მეთოდებს მიმართავენ დამკვეთებთანაც. მაგალითად, რომელიმე ბანკის ან რესტორნის შედარებით დაბალი რგოლის მენეჯერთან ცდილობენ დაახლოებას და ქართული „ძმაკაცობის“ ან კიდევ უფრო სანდო მეთოდის, მიღებული შემოსავლიდან წილის ხათრით თხოვენ კონკურენტის რაიმე მიზეზით დაწუნებას და გაგდებას. მე შენ გეტყვი და თუ მოინდომე, ქართულად დალაგებულში ვერ იპოვი ნაკლს.
3. წარმატებული კონკურენტისგან გადმოიბირო მცოდნე და საქმის გამკეთებელი თანამშრომლები  - ამისთვის წინა პუნქტში ხსენებული თანამშრომლები (და ხშირად, სწორედ კონკურენტისგან გაგდებული და დაწუნებული კადრები) დადიან კონკურენტების თანამშრომლებთან და უყვებიან, რა კარგია სხვა ფირმაში, იქ როგორ არ თხოვენ არაფრის კეთებას და როგორ იღებენ მეტ ხელფასს არაფრის კეთებაში და პრინციპში, „თბილისი მოლის“ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, არც ტყუიან. თანაც აბა, ერთი ქართველი მაინც მაჩვენეთ, რომელიც უარს იტყვის ხელფასზე საქმის კეთების გარეშე.


0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers