თქვენ არ შეგაწუხათ თბილისის ქუჩებში დაგროვებულმა სიბინძურემ, მაღაზიებში უწესრიგოდ დაყრილმა პროდუქტმა, რესტორნებში დამდგარმა უსიამოვნო სუნმა? საკმაოდ ცნობილი სატელეფონო კომპანიის აპლიკაციამ, სადაც ნაგავს რომ ნახავ ფოტო უნდა გადაუღო და სხვებს მოუწოდო დაალაგონ? ჰოდა, დროა თავად მივხედოთ საქმეს, ვინც ანაგვიანებს იმათ ვაიძულოთ დაალაგონ.

ფრთხილი ნაბიჯებით ევროპისკენ

საქართველოს ევროპის კარი შეუღეს. მართალია, ბოლომდე არა, ჯერ სულ ერთი წამით, ღრიჭოდან შეგვაჭყიტეს, მაგრამ ამ მცირედზეც დიდ იმედებს ვამყარებთ: ზოგი - შეუფერხებელ და კანონიერ უვიზო მიმოსვლაზე, ზოგი - საკუთარი ნაშრომის დასავლურ ქვეყნებში გატანაზე, ზოგიც ასე ნანატრ და ერთი შეხედვით უპრობლემო ცხოვრების სტილზე.

გარდა იმისა, რომ თავისთან მიგვიპატიჟეს, საქართველო ევროპული კულტურის უძველეს მარგალიტებთან ერთად, როგორც იქნა გამოჩნდა მსოფლიო ტურისტული გზამკვლევების საოცნებო და დაუვიწყარი ტურების ნუსხაში. და, ჩვენც მოგვეცა შესაძლებლობა ჩვენებური სტუმარ-მასპინძლობა გავუწიოთ ყველას, ვინც დიდი ხანია გვიცნობს ან ახლახან აღმოგვაჩინა რუკაზე და აღარ ვერევით სულ სხვა ადგილას და სხვა კონტინეტზე მდებარე ფართობით ჩვენზე თითქმის სამჯერ დიდ შტატში.
ჩვენც ვეპატიჟებით, თავს ვევლებით სტუმრებს და მათთვის მომზადებულ ძირითადი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს დაწვრილებით ინსტრუქციასაც ვაყოლებთ - ვუხსნით თბილისის ქუჩებში ტრანსპორტით და ფეხით გადაადგილების დაუწერელ კანონებს, ვაფრთხილებთ ადგილ-ადგილ ტროტუარის არარსებობის შესახებ, ვასწავლით ხლინკლის ჭამის წესებს... ისინიც ნაქებ ადგილებში დადიან, ნახულობენ, აფასებიან, აღფრთოვანდებიან, უღებენ ფოტოებს, უზიარებენ მეგობრებს, გვიზიარებენ ჩვენც და მერე ბრუნდებიან სამშობლოში.
სამახსოვრო სურათებზე კი სასიამოვნო მომენტებთან ერთად ხშირად ბინძური ვიტრინები, ნაგავსაყრელად ქცეული პირმაღი ან საკმაოდ არასასიამოვნო გარემოც რჩება სამუდამოდ აღბეჭდილი. ვითომ და ყველაზე „ევროპეიზირებულ“ და სუფთა ადგილებშიც კი - სადმე პარკში, რესტორნის შესასვლელთან ან თუნდაც ყველაზე მსხვილ და პოპულარულ სავაჭრო ცენტრშიც ადვილად გადააწყდებით აყრილ ფილაქანს, გუბეს, უპატრონობისგან და სიძველისგან ჩამოხეულ და ჩამოძონძილ აბრებს, ობიექტის გახსნის დღიდან დაუსუფთავებლ, მოთხვრილ კედლებს, მტვრიან, ჭუჭყიან დახლებს, შესასვლელთან „მზრუნველად“ გამოდგმულ ნაგვის პარკებსა და უკვე რეალიზებული საქონლის ყუთებს, რომელთა მოვლა-პატრონობაც ანუ დასუფთავება, გარეცხვა, დალაგება, გატანა არც მერიის და არც რაიონის მუნიციპალიტეტის ვალია. ეს ყოველი კონკრეტული ობიექტის ანუ ქართულად რომ ვთქვათ, ბიზნესის მეპატრონის საქმეა. სხვათ შორის, მათივე საზრუნავია ობიექტამდე მისასვლელი ბილიკის თუ ტროტუარის მოწესრიგებაც. აბა, თუ მაგრები ხართ, თბილისის ცენტრში თოვლის დროს სცადეთ მაღაზიის ან რესტორნის შესასვლელ კარამდე მოლიპული მონაკვეთის უვნებლად გავლა, რასაკვირველია ბავშვობაში მოციგურავე თუ არ იყავით. კლიენტებზე მზრუნველი მენეჯერების წყალობით სპორტის ამ არაქართულ სახეობაში შეჯიბრი თბილისელებ ყოველ თუ არა, ყოველ მეორე ზამთარს მაინც გვიწევს.
არ გეგონთ, რომ თბილისის სისუფთავე მხოლოდ სტუმრების რიდით ან შიშით გვაწუხებს. უბრალოდ, უცხო თვალით დანახული უკეთ ჩანს. ამიტომ არ გვინდა შევეგუოთ და პირველ რიგში ჩვენ გვინდა ვიგრძნოთ, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად ნამდვილად ევროპის ერთ-ერთ უძველეს და ულამაზეს და ამავდროულად, თანამედროვე და სუფთად და სათუთად მოვლილ ქალაქში ვიმყოფებით.

0 comments:

Post a Comment

Facebook Page

Followers