მილიონი დოლარი პაპალამ - ცემინება და ბაღის ბავშვები
თუ სახეზე, უფრო ზუსტად კი ცხვირზე იდაყვაფარებულ და მაგრად თვალებმოჭუტულ ბავშვს დაინახავთ, არ გეგონოთ,
რომ შეშინებულია ან ვინმესგან იცავს თავს. უბრალოდ, ან ახლახან დააცემინა, ან დაცემინების
პროცესშია და დაცემინებას აპირებს. ბავშვი ასე უჩვეულოდ ალბათ იმიტომ იქცევა, რომ ზუსტად
ასეთ რეკომენდაციას აძლევს საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის
სამინისტროს მიერ გაეროს
ბავშვთა ფონდის
(UNICEF) მხარდაჭერითა და
დახმარებით შემუშავებული და დამტკიცებული
საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის
დაცვის ეროვნული
რეკომენდაცია (გაიდლაინი)
- ,,წყალი, სანიტარია
და ჰიგიენა
საბავშვო ბაღში“.
ამ გაიდლაინის თანახმად, თურმე მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთი დაცემინების დროს გამოიფრქვევა 40 ათასი
მიკროწვეთი, რომელიც მილიონობით ბაქტერიას შეიცავს და 10 მეტრამდე მანძილზე ვრცელდება.
ამდენად, ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაცემინების სწორ ტექნიკას, როგორც მიკრობთა გავრცელებისა და სათავსის ჰაერის დაბინძურების პრევენციის საშუალებას. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ გაიდლაინში ზუსტად არის
გაწერილი ინსტრუქცია, თუ როგორ
უნდა ვასწავლოთ
ბავშვებს სწორად
დაცემინება.
თურმე
ბავშვებს უნდა
ვასწავლოთ, რომ:
1. თუ გაციებულია და აცემინებს, უნდა მოიმარაგოს საკმარისი რაოდენობის ქაღალდის ერთჯერადი
ხელსახოცები;
2. თუ გრძნობს, რომ უნდა დააცემინოს, დროულად შეტრიალდეს ზურგით სხვა ბავშვებისაგან;
3.
ყოველ დაცემინებაზე
გამოიყენოს
ახალი და სუფთა ქაღალდის ხელსახოცი, რათა თავიდან აიცილოს ხელის
დაბინძურება ლორწოვანი
გამონაყოფით;
4. თუ ხელსახოცი თან არ აქვს, დაცემინებისას სახეზე
აიფაროს
მოხრილი
იდაყვი
ისე, რომ
მთლიანად დაიფაროს ცხვირ-პირი. თან
აუხსენით, რომ ეს მიკრობთა გავრცელების პრევენციაში დაეხმარება.
ასწავლეთ, რომ არავითარ
შემთხვევაში არ
აიფაროს დაცემინებისას
შიშველი ხელები!
5. თუ გრძნობს, რომ აცემინებს, ნუ ეცდება ცხვირზე ხელის მოჭერით შეიკავოს დაცემინება
და უკან
შეისუნთქოს მიკრობები.
პირიქით, გამოდევნოს
ჰაერი
ქაღალდის
ერთჯერად ხელსახოცზე, რომელსაც მაშინვე ჩააგდებს თავდახურულ ნაგვის ყუთში ან ცელოფანის პაკეტში. ძლიერი დაცემინების შეკავებამ შეიძლება გამოიწვიოს მიკრობთა
შეღწევის პროვოცირება
შუა ყურსა
და თავის
ქალას სხვა
ღრუებში.
6.
დაცემინებისა და
ცხვირის მოხოცვის
შემდეგ, აუცილებელია
ხელების დაბანა
საპნით.
ვისაც გაგვიმართლა და ბაღის ასაკიდანვე გვასწავლეს დაცემინებისას
მოქცევის საგარეო დ საშინაო წესები, ხომ კარგი, მაგრამ ზრდასრულ ასაკშიც არ გვაწყენდა ცემინების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება:
ცხვირის
ღრუში დიდი
რაოდენობით მიკრობების,
ალერგენების ან
მტვრის დაგროვების
მერე ცხვირ-ხახის
არეში განლაგებული
ნერვული დაბოლოებები
ღიზიანდება და
დაგროვებულ „ნაგავს“ ცხვირიდან
სპაზმური ამოსუნთქვით გამოდევნის
გარეთ. სწორედ ამას ეწოდება ცემინება.
დღეში
ერთხელ დაცემინება ითვლება ნორმად,
მაგრამ თუ
თქვენ ყოველ
დილას ცემინებით
იწყებთ ან
პირველი დაცემინების
მერე ვეღარ
ჩერდებით, ამას
ყურადღება უნდა
მიაქციოთ. სავარაუდოდ,
ორგანიზმი მიგანიშნებთ,
რომ რაღაც
რიგზე არ
არის - ან
ალერგენია სადღაც
ახლოს, ან
ქრონიკული რინიტი
გაქვთ და ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე
გაწუხებთ.
ცემინებისას ცხვირიდან ჰაერი 160 კმ/სთ სიჩქარით გამოიტყორცნება. ვაცემინებთ იმისთვის, რომ ცხვირს გადატვირთვის ანუ რესტარტის საშუალება მივცეთ. ცემინების პროცესი კომპიუტერული სისტემის
Ctrl-Alt-Delete კომბინაციის მსგავსად მუშაობს. ცემინების ყველაზე
გავრცელებული მიზეზებია გაციება, გრიპი, ცხარე სანელებლები, ბუმბული. თუმცა, მათ შორის მაინც მკვეთრი სინათლე ლიდერობს - ყოველ მეხუთე ადამიანს მკვეთრ განათებაზე რეფლექსური ცემინება ეწყება. ამ დროს ნორმალურია, როდესაც ადამიანი 2-3-ჯერ ზედიზედ აცემინებს. ასე იმიტომ ხდება, რომ პირველ და მეორე ცდაზე ყველა მავნე ნაწილაკის გამოდევნა ვერ ხერხდება. ცემინებისას ადამიანს თვალები უნებურად ეხუჭება. ესეც
უნებლიე რეფლექსია. გავრცლებული აზრის საწინააღმდეგოდ, ცემინებისას გული
არ ჩერდება. უბრალოდ, მცირდება შეკუმშვათა რიცხვი. საინტერესოა
ისიც, ადამიანი ძილში არ აცემინებს, რადგან ამ რეფლექსზე პასუხისმგებელი ნერვები ღამით ისვენებენ.
ნურასდროს შეიკავებთ ცემინებას - ეს
ავტომატური დამცავი რეფლექსია, რომლის შეკავებაც შეუძლებელია. ადამიანი თუ
ეცდება მის შეკავებას ცხვირზე ხელის მოჭერით, ამან
შესაძლოა ყურის დაფის აპკის გახეთქვაც კი
გამოიწვიოს, რადგან დაბრკოლებისას ცემინება ევსტაქის მილებს გადაეცემა. ცემინების დაბლოკვისას ასევე მოსალოდნელია ცხვირიდან სისხლდენა, სისხლძარღვთა გახეთქვა და
მხედველობის დაქვეითებაც კი.
და მაინც, ცემინება როგორი დამცავი რეფლექსიც არ უნდა
იყოს ორგანიზმისთვის, საზოგადოებაში მაინც უხერხულობის შეგრძნებას იწვევს და ამ გრძნობის
გასაქარწყლებლად კაცობრიობას თავისი არსებობის მანძილზე უამრავი ფრაზა და ჟესტი აქვს
მოფიქრებული: ,,ჯანმრთელობა“, ,,სიცოცხლე“,
,,ხეირი “, ,,მილიონი დოლარი!“ თავისივე საპასუხო ფრაზით: „პაპალამ“ – ვითომ მე
კი დავაცემინე და ორგანიზმის იმუნური პროცესები გავიძლიერე, მაგრამ შენც იხეირე ჩემო
კეთილისმსურველოო.
და ბოლოს: ნუ დაგვავიწყდება, რომ მთქნარება, ცემინება
და სლოკინი უპირობო რეფლექსებია და მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მათ მშვიდობიანად
დასრულებას ხელი არ უნდა შევუშალოთ. ამასთან, მეცნიერები ხმას არ იღებენ გაზმორების
თაობაზე. მაგრამ ვინაიდან ზმორებაც მთქნარებას ახლავს თან და რადგან უკვე ვიცით, რომ
მთქნარებას ხელი არ უნდა შევუშალოთ, ეს პრობლემაც მოხსნილად ჩავთვალოთ.